სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით საია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

2014-07-24 11:49
Featured image
 2014 წლის 16 ივლისს, საიამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში  ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდა. განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ახსნა-განმარტებაში პატიმარი საუბრობდა #8 დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც სხვა პატიმრებს აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და  ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობდნენ.  
  
2014 წლის 21 ივლისს, საიას ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა შავლეგ გურგენიძე, რომელიც საიას განცხადების გავრცელების შემდგომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.  შავლეგ გურგენიძე აღნიშნავს, რომ 18 ივლისს შეხვდა #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის მოადგილე უსაფრთხოების დარგში ი. პ. რომელმაც განუცხადა: ,,თუ გააგრძელებ საიაში დავას, მერე ვნახოთ ვის რა შესაძლებლობა აქვს და ვინ რას გააკეთებს. თუ არ გინდა აქედან გასვლა, მაშინ გააგრძელე საიაში განცხადებების წერები და ვინ რას მოიგებს, ისიც ვნახოთ“. აღნიშნული საუბრის შემდგომ, შავლეგ გურგენიძე არ გამორიცხავს მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. 
  
 კიდევ უფრო შემაშფოთებელია საიას ადვოკატისათვის პატიმრის, ტრისტან ვასაძის მიერ 2014 წლის 22 ივლისს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ასახული ფაქტები. იგი ამჟამად სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა მანამდე სასჯელს  #8 დაწესებულებაში იხდიდა. ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს (2014 წლის 19 მარტს) შეესწრო ციხის თანამშრომელთა მხრიდან სხვა პატიმრის ცემის ფაქტს,  რაზეც ღიად განაცხადა პროტესტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ციხის თანამშრომლებმა მას ერთ-ერთ მოადგილესთან, ზ.მ.ს-თან შესახევდრად გაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. ვასაძე ახსნა-განმარტებაში მიუთითებს შემდეგს: ,,უარი რომ ვუთხარი გაყოლაზე, დამიწყეს ცემა, ხელებით ფეხებით და 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით. კერძოდ თავს დ.ქ და უსაფრთხოება, გ.ი იჩენდნენ. ქ. პ-ს წინაშე თავს იწონებდა, ხო ვარგა ,,შეფო“. ამის მერე ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც დამხვდა ზ.მ. და რამდენიმეჯერ სახეში გამარტყა. საკანში კი ი.პ.-ც მცემდა. როდესაც ვიკითხე, თუ სად მივყავდი, გ.ი.-მ მითხრა დამცინავი ხმით: იქ მიდიხარ, სადაც შემთხვევით სიკვდილიანობაა მომატებულიო, შემაგდეს ,,ვარონკაში“. ასე აღმოვჩნდი #2 დაწესებულებაში“. 
 
ვასაძე ასევე საუბრობს #2 დაწესებულებაში ე.წ. ,,მაყურებლების“ არსებობაზე და აცხადებს შემდეგს: ,,#2 დაწესებულებას ჰყავს ციხის ,,მაყურებელი“ შ.მ. ყველა კორპუსს ჰყავს თავის მაყურებლები, ,,პრაგულკასაც“ კი თავის ,,მაყურებელი“ ჰყავს. ასევე ბალნიჩკას უყურებს ვინმე კ.  [...] ციხეში მიდის ფულზე თამაში, გროვდება საერთო, ე.წ. ,,ობშიაკი“ და თამაშის დროს სხვა პატიმარს შეუძლია სხვა საკანში გადასვლა რა თქმა უნდა ,,მაყურებლის“ მეშვეობით.“ ტრისტან ვასაძე მიუთითებს, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. საიას ადვოკატისთვის მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ 17 ივლისს ლურსმნით მიიჭედა სკამზე ხელი და შიმშილობა გამოაცხადა.
 
  ზემოაღნიშნულ ახსნა-განმარტებებში ასახული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს  შეიცავს, რაც საჭიროებს დროულ გამოძიებას და შესაბამისი ზომების გატარებას. საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ მითითებული ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს. 
 
  საია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებას აუცილებელია მოჰყვეს შესაბამისი უწყებების სათანადო რეაგირება და არა იმგვარი შეფასებები, როგორსაც ადგილი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის მხრიდან ჰქონდა.  ბატონმა გიგამ საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ,,აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ,,სიცრუის ტირაჟირებას“ ახდენდა. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ინფორმაციის ,,აბსურდულად“ და ,,სიცრუედ“ მოხსენიება, ვფიქრობთ, არ შეუწყობს ხელს საკითხის გამოძიებას და პირიქით, შესაძლოა გამოიწვიოს კანონდარღვევების წახალისება, რადგან უწყების რიგით თანამშრომლებს შესაძლებელია შეექმნათ განცდა, რომ მათ უკანონო ქმედებას მაღალი თანამდებობის პირი საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე დაიცავს.
 
აქვე, დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, როგორ ჩანს, პროკურატურამ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ  საკითხის შესწავლა დაიწყო. პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ  საიას ადვოკატს აცნობა, რომ დაკითხვის მიზნით მასთან იმყოფებოდა პროკურატურის გამომძიებელი.