სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების საქმეზე საია სააპელაციო სასამართლოსა და მთავარ პროკურორს მიმართავს

2014-07-09 17:48
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 2 პირის ინტერესებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წლის 28 ივნისს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. მათი დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაკავებული პირების უფლებების დარღვევის თაობაზე.

დაკავების კანონიერების და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ არსებულმა ეჭვებმა, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  დაცვის უფლების ეფექტური საპროცესო საშუალებების არ არსებობამ და ამ ტიპის საქმეებზე  სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების დარღვევის პრაქტიკამ განაპირობა ამ საქმით საიას დაინტერესება და საადვოკატო დახმარების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ქმედებები, რომლის საფუძველზეც პოლიციელთა მხრიდან სამართალდარღვევის ოქმები იქნა შედგენილი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ 2014 წლის 1 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო დაკავებული პირები და თითოეულს  ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებიდან გამომდინარე,  დაუმორჩილებლობად და პოლიციელთა მიმართ შეურაცხყოფად შეფასდა დაკავებული პირების აღელვება და ხმამაღალი ფორმით შემდეგი შეკითხვების დასმა: ,,რა ხდება, გვითხარით რა დავაშავეთ,“ ,,რამე მაინც გვითხარით“, რაც წარმოუდგენელია  დაუმორჩილებლობას და პოლიციელთა შეურაცხყოფას წარმოადგენდეს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სწორედ პოლიციაა ვალდებული ნებისმიერ დაკავებულ პირს უთხრას, გასაგები, მარტივი, არატექნიკური ფორმით დაკავების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. განსაკუთრებით სიმპტომატური იყო პოლიციის თანამშრომლის მიერ საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე ნათქვამი ფრაზა: ,,რომ მოდის პოლიციელი და გეუბნება საბუთები, თქვენგან არ უნდა მოდიოდეს კითხვა, რატომ, რისთვის“ (ეს და სხვა მსგავსი ფრაზები დაფიქსირებულია სხდომის ოქმში).
 
გამომდინარე იქედან, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება კანონს, საია ადინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეული პირების სახელით სააპელაციო სასამართლოში საჩივარს წარადგენს, რომლითაც მოთხოვნილი იქნება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება და ,,ტაბულას“ თანამშრომლისა და მისი 2 მეგობრის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო. 
 
საია გამოძიების დაწყების მოთხოვნით ასევე მიმართავს მთავარ პროკურორს, რათა შესწავლილ იქნეს პოლიციელთა მხრიდან ამ საქმესთან კავშირში გამოვლენილი სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. კერძოდ, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს დაკავების შემდგომ სამედიცონო დოკუმენტის თანახმად თვალისა და ზურგის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიიღო. სასამართლო პროცეზე პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ დაკავებულს აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე არ ჰქონდა.  
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (Dikme v. Turkey), როდესაც პიროვნება პოლიციასთან ურთიერთობამდე  იმყოფება ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში და პოლიცისათან ურთიერთობის შემდეგ გააჩნია დაზიანებები, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება წარმოადგინოს დამაჯერებლი განმარტება, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები, რისი შეუსრულებლობაც წამოწევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხს. 
 
ასევე გავრცელებულ ვიდეომასალაში (რომელიც მტკიცებულების სახით იყო წარდგენილი სასამართლო პროცესზე)  ისმის პოლიციელის მხრიდან ნათქვამი ფრაზა: ,,სადაც დაგინახავ, იქ დაგაკავებ“ (6:02 წუთიდან). აღნიშნული ფრაზა მიმართულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის/პირების მისამართით, და ასევე სავარაუდოდ შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ფაქტები გამოძიებული იქნება სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად.