სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების შემთხვევას

2014-04-18 20:21
Featured image
როგორც 2014 წლის 15 აპრილს გორის რაიონის სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა, ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ, ოპერატორმა ვახტანგ ლეკიაშვილმა და ტექნიკურმა თანამშრომელმა მიხეილ მიხოევმა, განთავისუფლების შემდეგ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რუსი მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი შემდგომ გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
 
აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს საქართველოს, კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე იქნა დაკავებული ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფი, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე თუ რუსეთის ფედერაციის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 154-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. აღნიშნულის გარკვევა აუცილებელია, როგორც მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად, ისე მომავალში საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
 
ევროპის საბჭოს R(96)4 რეკომენდაცია „კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში ჟურნალისტების დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს მასმედიის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებითაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ თავად მედია ორგანიზაციებმა საკუთარი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ შორის მოცემულია ის საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც მედია ორგანიზაციები წინასწარ ატყობინებენ თავიანთი ჟურნალისტების საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე თუ კონფლიქტის ზონაში მივლინების თაობაზე. თუმცა, იმისთვის, რომ მედიამ გამოიყენოს უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებები, ის უნდა იყოს ინფორმირებული იმ ტერიტორიების შესახებ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში საფრთხის შემცველ ტერიტორიებს წარმოადგენს. ჟურნალისტთა ჯგუფს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან ვითარებაში ახორციელებს, შესაძლებელია არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ის საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და, შესაბამისად, არ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ან სხვა სახის პრევენციული ღონისძიების გამოყენება. ასეთ ვითარებაში, საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის ფაქტის სათანადო გამოძიება ორმაგად მნიშვნელოვანია. წევრი სახელმწიფოს მიერ ამგვარი გამოძიების ჩატარების აუცილებლობას ასევე აღიარებს ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული რეკომენდაციის მე-12 პრინციპი: „კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე თავდასხმის ის შემთხვევები, რომლებიც მათი იურისდიქციის ფარგლებში ხდება.“ 
 
ამასთანავე, როგორც საქართველოს ისე რუსეთის სახელმწიფოებს აკისრიათ მთელი რიგი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა თანახმად, როგორც მშვიდობიან, ისე დაძაბულ ვითარებაში, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჟურნალისტების უსაფრთხოება. კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან. როგორც საქართველო, ისე რუსეთის სახელმწიფო მიერთებულნი არიან ჟენევის 1949 წლის კონვენციებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის ნორმები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და ოკუპაციის სამართლის (occupation law) მოთხოვნები. კერძოდ, ჰააგის 1907 წლის რეგულაციების 42-ე მუხლის თანახმად ტერიტორია მიიჩნევა ოკუპირებულად, როცა ის ფაქტობრივად მტრის ჯარის უფლებამოსილების ქვეშაა მოქცეული; ჟენევის მე-4 კონვენციის 47-ე მუხლის და დამატებითი ოქმის 79-ე მუხლის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტები სარგებლობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული დაცვის გარანტიებით და ისინი ინარჩუნებენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებებს, მათ შორის უფლებას არ იქნენ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილნი. თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ოკუპირებული ტერიტორიის კონტროლის განხორციელების წესები და ჟურნალისტების საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჟურნალისტები, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები,  ახორციელებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, რისი საშუალებაც მათ უნდა მისცემოდათ მიუხედავად იმისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ისინი თუ მის გარეთ. 
 
ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად (ჟენევის კონვენციების 135-ე მუხლის თანახმად ჰააგის კონვენციის მოქმედება ვრცელდება ჟენევის კონვენციების მონაწილე მხარეებზე.  ამ კონვენციის მხარე პასუხისმგებელია მისი შეიარაღებული ძალების მიერ კონვენციის დარღვევისათვის.
 
დადებითად ვაფასებთ საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევას, რაც გაწეულ იქნა დაკავებული ჟურნალისტების გასათავისუფლებლად. ამავდროულად, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სახელმწიფომ სათანადოდ შეაფასოს მომხდარი ფაქტი და განახორციელოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ყველა ვალდებულება და რეკომენდაცია საქართველოს ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენელთა საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.