სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია - საყდრისი-ყაჩაღიანში სამთო სამუშაოების წარმოება დაუშვებელია

2014-04-16 11:54
Featured image
გვსურს გამოვეხმაუროთ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით ბოლო დროს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი აქვს სხვადასხვა სახის სამუშაოებს.
 
მიმდინარე წლის 13 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული იქნა #01/01-1227   გადაწყვეტილება, შპს „RMG Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო სამუშაოების განახორციელების მიზნით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე.
 
საიას ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, სამინისტროს 13 მარტის გადაწყვეტილება 2014 წლის 11 აპრილს ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავრობაში.
 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან ჩერდება. კანონი ასევე ადგენს, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2014 წლის 13 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „RMG Gold”-მა საყრდისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო სამუშაოების განახორციელების მიზნით დადებითი დასკვნა მიიღო კანონის თანახმად შეჩერებულია. შესაბამისად, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე, სამთო სამუშაოების განახორციელების მიზნით სამუშაოების წარმოება დაუშვებელია.
 
ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ პროაქტიულად, ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს იმ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის #01/01-1227  გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა.