სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა და პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები

2014-04-02 06:24
Featured image
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ეფექტურად, ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საიას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავთა მიერ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, იარაღის ან ნარკოტიკების ჩადებაზე, არჩადენილი დანაშაულის აღიარების იძულებაზე და ა.შ. 
 
ბოლო 2 თვის განმავლობაში საიას 17 პირმა მომართა. მათგან 8 პირი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფის შემთხვევებზე, ხოლო 9 პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ანალოგიურ უკანონო ქმედებებზე. ყველა მათგანს უშუალოდ შეხვდა საიას იურისტი, შედგენილ იქნა გამოკითხვის ოქმები, რის შემდეგაც ჩვენს მიერ მოძიებული მასალა გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში.
 
სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის ინფორმაციაზე გამოძიება ხშირად ძალიან არაეფექტურია. ბოლო პერიოდში არაეფექტური გამოძიების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია შიო კობიძის შემთხვევა. აღნიშნული მოქალაქე 3 თვის განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოს და უთითებდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ წამებაზე, ამ ფაქტის დამადასტურებელ მოწმეზე და ითხოვდა გამოძიებას. მან ადვოკატის დახმარებითაც კი ვერ მიაღწია იმას, რომ გამოძიება თუნდაც ფორმალურად დაწყებულიყო. მხოლოდ 2014 წლის 29 იანვარს ამ და სხვა საქმეებზე საიაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, 4 თებერვალს გახდა შესაძლბელებელი გამოძიების დაწყება. თუმცა, გამოძიების ეფექტურობასთან დაკაშირებით კითხვები არსებობს.
 
ზემოააღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გვსურს მოვითხოვოთ ეფექტური, ობიექტური გამოძიების წარმართვა შემდეგ საქმეებზე:
 
სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები
 
საიას ადვოკატებისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში შვიდმა პირმა (დავით ჭკადუამ, თამაზ ცინცაძემ, ვლადიმერ ავსაჯანიშვილმა, ბესარიონ საბაშვილმა, ხვიჩა დემინაშვილმა, მ. ბ-მ და ზ.გ-მ) მიუთითა, რომ მათზე #8 დაწესებულებაში, დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კიდევ ერთმა პირმა - ალექსანდრე გორგიძემ  განაცხადა, რომ ამავე დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან მის მიმართ  განხორციელდა მუქარა. ერთმა მსჯავრდებულმა - ოთარ აფრიდონიძემ განმარტა, რომ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცემას ადგილი ჰქონდა ქ. ქუთაისის #2 დაწესებულებაში.
 
თამაზ ცინცაძე თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ 2014 წლის 12 მარტს ტკიოდა კბილი და ,,კორპუსის ოფიცერს" სთხოვა შეეხვედრებინა ექიმთან. მისი მოთხოვნა რამდენიმე საათის განმავლობაში  რეაგირების გარეშე დარჩა, ამიტომ, მან კვლავ მიმართა ოფიცერს ექიმთან შეხვედრის თხოვნით.  თხოვნის განმეორების შემდგომ ,,კორპუსის ოფიცერმა" მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის შედეგადაც მას თვალის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა დაფიქსირებული იყოს სათვალთვალო კამერებით.
 
ოთხი მსჯავრდებული _ ბესარიონ საბაშვილი, ხვიჩა დემინაშვილი, მ.ბ. და ზ.გ. უთითებენ, რომ 2014 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე,  #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილეებმა და სარეჟიმო განყოფილების უფროსმა განუცხადეს, რომ დირექტორს სურდა მათთან გასაუბრება. მსჯავრდებულები დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და გაყვნენ დირექტორთან შესახვედრად.  ადმინისტრაციული შენობაში შესვლისთანავე, მათ თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები, რომლებმაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი მსჯავრდებული საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს შემდეგს: ,,ადმინისტრაციის შენობაში რომ შევედით, კარანტინის განყოფილებისაკენ გაგვიყვანეს, უცებ ჩააქრეს შუქი და მოგვცვივდნენ ნიღბიანი, შავებში ჩაცმული სპეცრაზმელები. დამაგდეს დაბლა, გადამიგრიხეს ხელები და დამადეს ხელბორკილები. შემდეგ გვცემეს ფეხებით, დუბინკებით. მირტყამდნენ ფეხებისა და ფერდების არეში, მტკივნეულ ადგილებში. მე თავშიც ჩამარტყეს დუბინკა. შემდეგ გამჩხრიკეს, გამაძრეს ტანსაცმელი და ასეთ მდგომარეობაში მიმათრიეს მანქანამდე, შემაგდეს შიგ და წამომიყვანეს #6 დაწესებულებაში“.
 
პოლიციელთა მხრიდან  სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები
 
პოლიციელთა მხრიდან სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებენ სეიფ სეიფიევი, თეიმურაზ გვარაძე, გიორგი ქოთუაშვილი, მიხეილ ფარულავა, მამუკა კარელიძე, ვალერიან ბეჟიკოშვილი, რამაზ ნადირაძე  და ირაკლი ქელბაქიანი. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ პოლიციელთა მხრიდან მათზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იძულებულნი გახდნენ მიეცათ აღიარებითი ჩვენება და დაებრალებინათ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ. 
 
მაგ: 2014 წლის მარტში მოცემულ ახნსა-განმარტებაში ს. სეიფიევი, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში იმყოფება, აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 აგვისტოს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს დაკითხვაზე. დაკითხვაზე მისვლის შემდგომ, შეიყვანეს პოლიციის შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და დაუწყეს ცემა. მისგან მოითხოვდნენ, რომ დაებრალებინა ყაჩაღობაში თანამონაწილეობა. მისი განმარტებით, ცემაში მონაწილეობდა სამი პიროვნება და აღნიშნულს ასევე ესწრებოდა პროკურორი. ს. სეიფიევი ასევე მიუთითებს, რომ მოგვიანებით მისი გადაყვანა მოხდა რუსთავში, სადაც კვლავ გაგრძელდა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზემოქმედება. იგი აღნიშნავს, რომ თავზე  ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი, რომელიც მოხსნეს მას შემდგომ, რაც შეუძლოდ გახდა. მისი განმარტებით, ცემა გრძელდებოდა 10-12 საათის განმავლობაში, რამოდენიმე წუთის, ზოგჯერ დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით.
 
ვ. ბეჟიკოშვილი 19 თებერვალს საიას თანამშრომელისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ 2014 წლის 28 იანვარს ქ. თბილისში, სასტუმრო ,,კოლხეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები მას ,,თანამშრომლობას“ და ყოფილ პატიმრებზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი ფულად ანაზღაურებას პირდებოდნენ, რასაც არ დათანხმდა. იგი ასევე უთითებს, რომ მის მიმართ აღნიშნულის შემდგომ განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 
 
ი. ქელბაქიანი განმარტავს, რომ 2014 წლის 15 მარტს, ქ. თბილისში არსენასა და ზაალ ქიქოძის ქუჩის კუთხეში საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან (ნომერი KCK-636) გადმოვიდა ორი პოლიციელი, რომლებმაც მოსთხოვეს მანქანაში ჩაჯდომა. მას შემდგომ, რაც ი. ქელბაქიანმა იკითხა მიზეზი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში. როგორც ი. ქელბაქიანი განმარტავს, მანქანაში ჩასმის შემდგომ დაადეს ხელბორკილები  და გააგრძელეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება - თავის და სახის არეში, ასევე კიდურებში ურტყამდნენ ხელით და რკინის ხელკეტით. ი. ქელბაქიანი ასევე აღნიშნავს, რომ შეეცადნენ მისი გაგუდვის იმიტირებას. მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყავნისას შედგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ მას აღენიშნებოდა: ,,ნაჭდევი ყელზე, მარცხენა ყურის უკან ნაკაწრები, ორივე მხარზე, მარცხენა მუხლზე მცირე ზომის სილურჯე, მარჯვენა მხარზე სილურჯეები“. დაზიანებების არსებობაზე უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობაც.
 
მოვითხოვთ ყველა მსგავს ინფორმაციაზე ეფექტური, ობიექტური გამოძიების წარმართვას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში დამნაშავეთა დასჯას კანონით დადგენილი წესით.