სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას და ტფილისის ჰამქარის განცხადება „პანორმა თბილისის“ პროექტის შესახებ

2014-04-01 03:35
Featured image
ბოლო დღეების განმავლობაში მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თანაინვესტირების ფონდის მიერ, თბილისში ე.წ. „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარებებს.
 
პროექტთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:
როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში, სოლოლაკში, სკვერის მიმდებარედ და ერეკლეს მოედანზე იგეგმება, სადაც მაღალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცეტრაცია. თუმცა, ამ დრომედე უცნობია პროექტის შესაბამისობა კულტურულ მემკვიდრეობასთან. ამასთან, ინფორმაციის ის მცირე ნაწილი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არ ემსახურება კულტურული მემკვიდრეობისთვის, როგორც ღირებულებისთვის, უპირატესობის მინიჭებას.
 
პროექტის განხორციელებას  თანაინვესტირების ფონდი უზრუნველჰყოფს, რომელიც  კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და რომლის კაპიტალიც  კერძო ფინანსებით იქმნება. ამგვარი ფინანსების ხარჯვამ შესაძლოა პროექტის გამჭვირვალობა და საჯაროობა მნიშვნელოვნად შეამციროს.
 
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ  მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. ასევე, თბილისს, როგორც ქალაქს, არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ფონზე ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც „პანორმა თბილისია“ ეჭვის ქვეშ აყენებს  კულტურული მემკვდირეობის  სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას.
 
საყურადღებოა ისიც, რომ 2005-2013 წლებში, რეაბილიტაცია-რესტავრაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების სახელით, დედაქალაქში, მარტო თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ფონდის მიერ, ჯამში 680 მილიონ ლარზე მეტი იქნა დახარჯული. თუმცა, წარმოებული სამუშაოები სპონტანურ ხასითს უფრო ატარებდა, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობას. ამ პროცესს თბილისის არაერთი ისტორიული  ნაწილი და შენობა შეეწირა.
 
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ინვესტიციებს და ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე თბილისის თვითმმართველობამ ყველაფერი უნდა იღონონ საიმისოდ, რომ  ინვესტიციების და ეკონომიკური ინტერესის სახელით არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ხელჰყოფა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და სახელწმიფოს მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
 
მივმართავთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მხედველობაში მიიღოს „პანორამა თბილისის“ პროექტისად მიმაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  არსებობა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმნისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთის მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორეს მხრივ ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.