სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მთავრ პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

2013-10-09 05:15
Featured image

8 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც მას მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება. ჩვენ მოვინახულეთ დავით კაპანაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: 

დ.კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიით იგი არის ქორეოგრაფი, თავისი პროფესიით მუშაობს თბილისის ორ სკოლაში. მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა სხვა ქორეოგრაფთან, თ.ჟ-სთან. 

2013 წლის 29 სექტემბერს დ.კაპანაძეს ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ იყო ლაშა ცნობილაძე, თ.ჟ-ს სიძე. დ.კაპანაძის განცხადებით, ლაშა ცნობილაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. მომდევნო დღეს, დ.კაპანაძე და ლ.ცნობილაძე შეთანხმდნენ შეხვედრაზე. დაახლოებით დღის 14:30 საათზე, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშა ცნობილაძე დ.კაპანაძესთან შესახვედრად მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ დაახლოებით 20 პოლიციელთან ერთად. პოლიციელებმა დ.კაპანაძეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სცემეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და დიღმის მასივის ქვეგანყოფილებაში წაიყვანეს. განყოფილებაში მივიდა ლაშა ცნობილაძეც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი აღმოჩნდა. დ.კაპანაძის გადმოცემით, ლ.ცნობილაძემ სხვა პოლიციელებთან ერთად დაუწყო ,,საქმის გარჩევა" და დაემუქრა, რომ მის ყურამდე აღარ  მისულიყო თ.ჟ-სთან (მისი სიმამრი) დაპირისპირების ამბავი. "საქმის გარჩევას" თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
 
პოლიციის განყოფილებიდან წამოსვლის შემდეგ დ.კაპანაძე გზაში შეუძლოდ გახდა, დარეკა 112-ზე, განაცხადა, რომ პოლიციელებმა სცემეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დ.კაპანაძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია შემდეგი დიაგნოზი: ,,გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა". 
იმავე დღეს საავადმყოფოში მივიდა პოლიცია და დ.კაპანაძეს მოსთხოვა კვლავ პოლიციის შენობაში მისვლა, სადაც დ.კაპანაძის განცხადებით, პოლიციელებმა მას იძულებით მიაცემინეს ჩვენება, რომ ვითომ ფიზიკური დაზიანებები პოლიციის შენობიდან წასვლის შემდეგ, მისთვის უცნობმა პირებმა უცნობი მოტივით მიაყენეს.
 
საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს დავით კაპანაძეს. ზემოაღნიშნული ინფორმაცია აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავად აწარმოოს.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. სამწუხაროდ, რამოდენიმე საქმეზე ეს მოთხოვნა დაცული არ იქნა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი აღარ ექნება.  ამასთან, ცხადია, რომ მხოლოდ საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხის სწორად განსაზღვრა საკმარისი არ არის. აუცილებელია, გამოძიება დროულად, ეფექტურად და ობიექტურად წარიმართოს.