GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

11 მარტი, 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2018 წელს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩატარების საკითხის შესწავლას. ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას  მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ახალი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიერ 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებას უკავშირდება და აჩენს საფუძვლიან ეჭვს ინსპექტირების მექანიზმის საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოყენების თაობაზე. კერძოდ:

- ინსპექტირება პირველ და მეორე ტურებს შორის  - საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში[1] ჩაატარა ინსპექტირება. მნიშვნელოვანია, რომ 7 ინსპექტირების შემთხვევიდან 6, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს.

- წუთებში ჩატეული ფორმალური წარმოება - მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში[2] წარდგენილი განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე[3] (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება[4].

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომებთან (დარღვევებთან) დაკავშირებით განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2018 წლის 8 ნოემბერს,  13:34 საათზე. აღნიშნულის შემდეგ, განცხადება:

  • >>> 13:36 საათზე დაეწერა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს,
  • >>> 13:38 საათზე ინსპექტირების სამსახურს,
  • >>> 13:42 საათზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს/ანალიტიკოსს,
  • >>> 13:42 საათზე ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტს,
  • >>> განცხადების საფუძველზე მომზადებული მოხსენებითი ბარათი სისტემაში აიტვირთა ამავე დღის 14:35 საათზე, რომელიც განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს დაეწერა 14:42 საათზე.
  • >>> ინსპექტირების ჩატარების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოიცა იმავე დღის 18:00 საათზე.[5]

ზემოაღნიშნულის გარდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა. კერძოდ, მთელ რიგ შემთხვევებში (წინანდლის საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა) განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლის დირექტორთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესულ განცხადებებზე რეაგირებისას, სამინისტრო განმცხადებლისგან ითხოვს კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციის (დარღვევის ფაქტი, დამრღვევი პირი, დარღვევის პერიოდი და შესაძლო მტკიცებულებები) მიწოდებას. რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება.[6]

დასკვნა - ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა  აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში „განხილვა“  შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი[7].

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საია მოუწოდებს:

- საქართველოს გენერალურ პროკურატურას - ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი.

 

 


[1]  სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 8 განცხადებიდან 2 ერთიდაიგივე ფაქტთან დაკავშირებით იყო წარდგენილი, შესაბამისად ინსპექტირება ჩატარდა 7 შემთხვევაში.

[2] მათ შორის სამი განცხადება 8 ნოემბერს.

[3] ერთი განცხადება ეხებოდა თბილისის 145-ე საჯარო სკოლას, ხოლო მეორე თბილისის 124-ე საჯარო სკოლას.

[4] ანალოგიურად განცხადების შეტანიდან ერთ დღეში მოხდა ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 9 ნოემბერს, ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, ინსპექტირების ჩატარების პერიოდად კი განისაზღვრა 2018 წლის 12-15 ნოემბრის პერიოდი. 2018 წლის ნოემბერში სამინისტროში განცხადებები შევიდა და ინსპექტირების ჩატარების შესახებ სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლასთან (21.11.2018 განცხადება) და თბილისის #94 საჯარო სკოლასთან (12 და 13 ნოემბრის განცხადებები) დაკავშირებით.

[5] საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 8 იანვრის წერილი #MES 91900010874.

[6] საიას აგრძელებს საკითხის დამატებით შესწავლას, მათ შორის სასამართლო დავას სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის დებულების მოსაპოვებლად. შესაბამისად ამ ეტაპზე ვერ ხერხდება იმ კრიტერიუმების შეფასება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო იღებს ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილებას. განახლებული ინფორმაციის მოპოვების თანავე საია საზოგადოებას მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.

[7] საიას საარჩევნო ანგარიშები იხილეთ აქ ; http://mes.gov.ge/uploads/komiisiis%20angarishi.pdf

 

 

სხვა სიახლეები