GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 დეკემბერი, 2018

2018 წლის 14 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის სიტყვები, რომელიც კრძალავდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრებას.

საია იცავდა მოსარჩელის გ.გ-ს ინტერესებს და მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც პირს არ ქონდა შესაძლებლობა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე, სასამართლოს გზით გაესაჩივრებინა უფლებაშემზღუდველი აქტი - პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს კანონი ანიჭებს უაღრესად მნიშვნელოვან უფლებებს, რომელთა მეშვეობითაც მას უჩნდება სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას გარკვეული პროცედურული გარანტიები და შესაძლებლობა ჰქონდეს ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ, ასევე  აღიჭურვოს ბრალდების მხარის კონტროლის ბერკეტებით. შესაბამისად, პირს აქვს დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მომეტებული ინტერესი.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე, იმსჯელა მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანზე, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორია სასამართლოს გადატვირთვის საფრთხე და რამდენად გადაწონის იგი პირის ამა თუ იმ უფლების დაცვის ინტერესს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადატვირთვისა და მართლმსაჯულების შეფერხების ხელშესახები მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, მხოლოდ სასამართლოს გადატვირთვაზე ზოგადი მითითება ვერ გაამართლებს სადავო ნორმებით გათვალისწინებულ იმგვარ ბლანკეტურ შეზღუდვას, რომელიც არ ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს და კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის მნიშვნელობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

დღეიდან, ყველა ის პირი, რომელსაც აქამდე კანონი არ აძლევდა შესაძლებლობას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილება გაესაჩივრებინა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, შეძლებს სასამართლოსთვის მიმართვას.

 

სხვა სიახლეები