GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 თებერვალი, 2016

2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი “ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.  

საქმეში მომჩივანს წარმოადგენს დეიდა, რომელთანაც იზრდებოდა მისი სამი არასრულწლოვანი დისშვილი.  მომჩივნის დის, შესაბამისად ბავშვების დედის, გარდაცვალების შემდეგ, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად ეროვნული სასამართლოების მიერ მათი მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა.

საია ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნის სამი არასრულწლოვანი დისშვილის სახელით დავობდა, რომ მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), ვინაიდან ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართული სამართალწარმოებაში,  ეროვნულმა სასამართლოებმა და სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და არ მიიღეს მხედველობაში მათი სურვილი, ეცხოვრათ დეიდის ოჯახთან ერთად.

მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მთლიანად გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტაციები და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა.

ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებასთან მიმართებით- ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც არსებითად დაიცავს მის ინტერესებს- ხარვეზიანია და არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. 

საქართველოს მთავრობის მტკიცების საწინააღმდეგოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების ინსტერესებს სასამართლოში სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკები წარმოადგენდნენ, ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სოციალური მუშაკები სამართალწარმოებისას ჩართულნი იყვნენ “დაინტერესებული მხარის” სტატუსით, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა  “დაინტერესებული მხარის” პროცედურული უფლებებს არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ “დაინტერესებული მხარე” არსებითი უფლებების გარეშე ეფექტურად ვერ დაიცავს ბავშვების ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ არსებული მომიჯნავე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა  ფუნქციები და უფლებამოსილებები გააჩნია ბავშვის წარმომადგენელს, რომელსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს საქმის სასამართლოში განხილვის დროს. Eევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის წარმომადგენელი ვალდებულია მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია და განამრტებები არსებული პროცესების თაობაზე, ასევე გაარკვიოს როგორია თავად ბავშვის მოსაზრება მიმდინარე საკითხებზე და ვალდებულია ბავშვის სურვილები და ხედვები გააცნოს სასამართლო ხელისუფლებას. შესაბამისად, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში სოციალური მუშაკების მიერ ოქმების შევსება და სასამართლო სხდომებზე მათი დასწრება არ ნიშნავს ბავშვის ინტერესების სათანადო წარმომადგენლობას. მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვებს არ მიეცათ ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენის უფლება. სასამართლო გამოთქვამს გაკვირვებას, თუ რატომ არ მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა მიზანშეწონილად მოესმინათ უფროსი ბავშვისთვის მაინც სასამართლო პროცესზე.

დამატებით, ევროპული სასამართლო ბავშვთა ინტერესების უგულებელყოფად აფასებს ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბავშვები ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა დაბრუნებოდნენ მამას, მაშინ როდესაც ბავშვებს მამის მიმართ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება, რაც უდავო, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა.

ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საქმეზე წარმოების განახლების და საქართველოს შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის  საფუძველია. საია გადაწყვეტილების იმპლემენტაციის პროცესს აქტიურად დააკვირდება. 

სხვა სიახლეები