სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. პირველი საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსით ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვრის დადგენას და შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებიდან „სხვა ობიექტური გარემოების“ ამოღებას, ხოლო მეორე საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის დანიშვნას პენსიაზე უფლების წარმოშობის თვიდან.
პირველი საკანონმდებლო წინადადების საფუძველია, რომ საქართველოს შრომის კოდექსით არ არის დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობის ზედა ზღვარი, რაც შრომით ურთიერთობაში დასაქმებულის უფლებების დაცვაზე უარყოფითად აისახება. შრომის კოდექსში აღნიშნული რეგულირების არარსებობის გამო, კერძო სექტორში დასაქმებული პირი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელესთან შედარებით, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარის დადგენის ვალდებულება აღებული აქვს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, „სამუშაო დროის ორგანიზების გარკვეული ასპექტების შესახებ“[1] ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაციის ფარგლებში.
პირველი საკანონმდებლო წინადადებით ასევე შეთავაზებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვლიდან „სხვა ობიექტური გარემოების“ ამოღება. მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნათელი, განჭვრეტადი და კონკრეტული საფუძვლები უნდა იყოს განსაზღვრული, რადგან არსებული ჩანაწერი უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული შრომითი ურთიერთობის სტაბილურობაზე და დასაქმებულ პირებს უჩენს დაუცველობის შეგრძნებას, რადგანაც დამსაქმებლის მიერ ნებისმიერი საფუძველი შეიძლება იყოს მიჩნეული ხელშეკრულების შეწყვეტის „სხვა ობიექტურ გარემოებად.“
მეორე საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერის გაუმჯობესებას, რომლის თანახმად „პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.“ შეთავაზებული ცვლილება დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას სახელმწიფო პენსია დაენიშნოს პენსიაზე უფლების წარმოშობის თვიდან იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წარადგენს პენსიაზე უფლების წარმოშობამდე 10 დღით ადრე. კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს ესაჭიროება 10 დღიანი ვადა პენსიის დანიშვნის ადმინისტრირებისათვის. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით თანაბრად გათვალისწინებულია დაინტერესებული პირის უფლება პენსიის მიღებაზე და სახელმწიფოს ინტერესი პენსიის ადმინისტრირების კუთხით.
მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებებით შეთავაზებული ცვლილებები გააუმჯობესებს სოციალური საკითხების რეგულირებას და მნიშვნელოვანია, შრომის უფლების რეალიზების მიზნით.
[1] 2003 წლის 4 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/88/EC დირექტივა; მუხლი 6 (ბ).
გააზიარე: