სიახლეები
საიას დასკვნა მიემართება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიზანს ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარება და ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია წარმოადგენს.
ქვეყანაში არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, საია ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს წარმოდგენილ ინიციატივას და აუცილებლად მიიჩნევს გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობების მიმართ განსაკუთრებული მიდგომის არსებობას. მომზადებული დასკვნაც, სწორედ კანონპროექტის შემდგომ სრულყოფას ისახავს მიზნად და იმედს ვიტოვებთ, რომ გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის ავტორთა/ინიციატორთა მიერ.
მომზადებულ დოკუმენტს საფუძვლად უდევს ორგანიზაციის მიერ უახლოეს წარსულში ჩატარებული სიღრმისეული კვლევა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა ფემიციის საქმეები, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა და პრობლემატიკა. შემოთავაზებულ რეკომენდაციებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:
ფემიციდის განმარტება - ვინაიდან, მსგავსი ტიპის დანაშაული სიახლეს წარმოადგეს საქართველოს რეალობისათვის და ამავდროულად არ არსებობს ფემიციდის, როგორც ტერმინისა და სისხლის სამართლის დანაშაულის, საყოველთაოდ აღიარებული განმარტება, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასეთი დეფინიციის არსებობა. ვფიქრობთ, აღნიშნული ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმართვისას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც დამახასიათებელია სპეციფიურად სწორედ ამ კატეგორიის დანაშაულისათვის. მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი დეფინიციის გამოყენება:
ფემიციდი - გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასა ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით ან გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით. ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით;
დანაშაულის ამსრულებელი - კანონპროექტის თანახმად, დანაშაულის ამსრულებელთა წრე დიდწილად კავშირშია ქალის ოჯახთან და ქმნის განცდას, რომ ფემიციდი ოჯახური ძალადობის ერთგვარ უკიდურეს ფორმას წარმოადგეს. საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის ანაზილი ცხადყოფს, რომ არსებობს ფემიციდის სხვადასხვა ტიპი და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ოჯახში ჩადენილ ქალის მკვლელობად. სწორედ ამიტომ, ფემიციდის მრავლის მომცველი ხასიათისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია - ერთი მხრივ გაიზარდოს დანაშაულის ამსრულებელ პირთა წრე, ხოლო მეორე მხრივ ღიად იქნეს დატოვებული მუხლის დისპოზიციაში შემოთავაზებული ჩამონათვალი, ნებისმიერ ტიპის ფემიციდის აღსაკვეთად. გთავაზობთ, მუხლის შემდეგი სახის დისპოზიციას:
ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის გაზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ოჯახის სხვა წევრის, ქალთან ინტიმური (ემოციური თუ სექსუალური) კავშირის მსურველი ან სხვა პირის მიერ.
დამამძიმებელი გარემოებები - ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია) აღწერს დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. მათ შორისაა დანაშაულის წინმსწრები უკიდურესი დონის ძალადობა.[1] ანალოგიურად, უაღრესად მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მიექცეს ფემიციდის ჩადენას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მსგავსი სტატუსის მატარებელი პირის მხრიდან. მართალია, დღეს მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო უფლებამოსილია დასახელებული ფაქტები მხედველობაში მიიღოს სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, თუმცა შესწავლილი პრაქტიკა არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე მეტყველებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებში კონკრეტული დანაწესის არსებობას გენდერულ დანაშაულთან მიმართებით. კერძოდ, სასურველია 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-32 პუნქტი:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის სამსახურეობრივ სტატუსსა და დანაშაულის ჩადენამდე მის მიერ განხორციელებული გენდერული ძალადობის ისტორიას;
სასჯელი - ფემიციდის საქმეებზე სასჯელი არის საშუალება, სასამართლოს მეშვეობით იქნეს აღიარებული ქალთა სიცოცხლის მოსპობის დანაშაულის სიმძაფრე და აღდგეს სამართლიანობა მსხვერპლისთვის/მათი ოჯახებისთვის. სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ტიპის დანაშაულებთან მიმართებით სასჯელის ოდენობის სწორად განსაზღვრა. კანონპროექტის თანახმად, ფემიციდი ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე. იმ პირობებში, როდესაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე (108-ე მუხლი) მაქსიმალური სასჯელის სახედ თხუთმეტ წელს ითვალისწინებს, ხოლო განზრახ მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო (109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) თავისუფლების აღკვეთას ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, ვფიქრობთ, სასურველია გადაიხედოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებისათვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა. მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება მსგავსად დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი მკვლელობებისა (განზრახ მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო) სქესის ნიშნით მოტივირებული მკვლელობების შემთხვევაშიც თავისუფლების აღკვეთის ვადა ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე დადგინდეს.
ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულებები - ცხადია, მისასალმებელია კანონპროექტის ნება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული რიგი დანაშაულების, იძულებისა და მუქარის შემთხვევაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც დამამძიმებელი გარემოება. თუმცა, საგულისხმოა, რომ ინიციატივის გაცნობისათანავე მკაფიოდ არ იკვეთება რა პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ აღნიშნულ მუხლებზე შეჩერება. მაგალითად, მაშინ როდესაც პრაქტიკაში არსებობს ფემიციდის შემთხვევების 115-ე მუხლით დაკვალიფიცირების მაგალითი, გაურკვეველია აღნიშნული მუხლი რატომ არ იქნა მოცული კანონპროექტის ავტორთა/ინიციატორთა მხრიდან. იგივე შეიძლება ითქვას სისხლის სამართლის კოდექსის ისეთ მუხლებთან მიმართებით როგორიცაა -143 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144 (მძევლად ხელში ჩაგდება), 1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა), 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 255 (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება), 2551 (არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში) და სხვა.
გააზიარე: