სიახლეები
2016 წლის 9 მაისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის მონაწილეებმა საზოგადოებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე. აუდიტორია 115-ის 7 წევრი მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საია იცავს აუდიტორია 115-ის წვერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ის ნორმები, რაც, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების გარდა, სხვა სტუდენტებს ართმევს უფლებას, აირჩიონ აკადემიური საბჭოს წევრები. ასევე, გასაჩივრებული ნორმებით, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ღებულობენ მონაწილეობას ფაკულტეტის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. ფაკულტეტის საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. თვითმმართველობის არაწევრ სტუდენტს არა აქვს, აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის შესაძლებლობა. დამოუკიდებელი სტუდენტი ვერც ფაკულტეტის საბჭოს წევრს აირჩევს და ვერც ამ ორგანოში იქნება არჩეული.
მოსარჩელეები ასევე ითხოვენ, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ის ნორმა, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ეს განუსაზღვრელი უფლებამოსილების დამდგენი ნორმა გახდა მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსების და სხვა პრივილეგიების პრაქტიკა ჩამოყალიბდა.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება), ვინაიდან უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევა და მასში მონაწილეობა არის სტუდენტური თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება. გასაჩივრებული ნორმები ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს (გაერთიანების თავისუფლება), ვინაიდან უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მისაღებად სადავო ნორმები აიძულებს აუდიტორია 115-ის წევრებს, განსხვავებული შეხედულებების მქონე სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან ერთ ორგანიზაციაში გაერთიანებას. სადავო ნორმები ასევე წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 29-ე მუხლთან, რაც იცავს, მათ შორის სტუდენტის უფლებას, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა.
გააზიარე: