GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

20 ივნისი, 2016

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი არჩევნებთან მიმართებით, ასევე იცვლება საარჩევნო უბანზე (მიმდებარე ტერიტორიაზე) სამართალდამცავი უწყებების გამოძახებისა და ყოფნის კუთხით მოქმედი რეგულაციები.

არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვა უპირობოდ წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს დემოკრატიულ საზოგადოებაში, შესაბამისად, საია მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას ამ მიმართულებით. თუმცა, ვინაიდან საქმე ეხება კონკრეტული ქმედების ინკრიმინირებას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სპეციალური მუხლის შემოღების საჭიროების სათანადო შეფასება, ისევე როგორც დისპოზიციის განჭვრეტადობისა და სიცხადის უზრუნველყოფა.

კანონპროქტის თანახმად, ცემისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია მოქმედი სანქციების გამკაცრება. აღნიშნულის პარალელურად კი, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი - საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის შესახებ. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც ერთი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკა ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული რიგი დანაშაულების გამკაცრებას, ხოლო მეორე მხრივ ანალოგიური შინაარსის სპეციალიზირებული მუხლის შემოტანას, ჩნდება კითხვა რამდენად რეალურია ახალი შემადგენლობის დამატების საჭიროება და რატომ ვერ მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი არსებულის პრაქტიკაში ეფექტური რეალიზებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს ამ მიმართულებით განვითარებულ სიღრმისეულ მსჯელობას, ისევე როგორც არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებსა და პრაქტიკაში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, რაც საბოლოო ჯამში სპეციალური მუხლის შემოღების განმაპირობებელი გახდა. უფრო მეტიც, განმარტებით ბარათში, მაგალითის სახით, მოყვანილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების[1] გამოცდილება ცხადყოფს, რომ იდენტური ნორმა არც ამ ქვეყნებში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსებისათვისაა დამახასიათებელი.

რაც შეეხება, თავად ნორმის დისპოზიციას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილის/მიმდებარე ტერიტორიის განმარტებას, ხოლო საარჩევნო უბნის საზღვრები პრაქტიკაში ინტერპრეტირების საგანია. მსგავსი ბუნდოვანი შინაარსის მატარებელი ნორმა კი ქმნის არაერთგვაროვანი და შერჩევითი პრაქტიკის დამკვიდრების მომეტებულ რისკს. ასევე, მუხლის დისპოზიციიდან ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება ცვლილებების განხორციელების მიზანი - არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარება. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, უმთავრეს მაკვალიფიცირებელ გარემოებას კონკრეტული ტერიტორია[2] წარმოადგენს, რაც ქმნის შესაძლებლობას ნებისმიერ ხასიათის ძალადობა თუ ძალადობის მუქარა, რომელიც განხორციელდება დასახელებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად საარჩევნო თუ არასაარჩევნო პერიოდისა, ძალადობის ყოფითი თუ სპეციფიური ხასიათისა, დაექვემდებაროს აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციას, რაც სხვა ზოგადი - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მუხლების არსებობის ფონზე არ შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად.

რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომისიის თავჯდომარის თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სამართალდამცავი უწყებების მობილიზილების შესაძლებლობას ვთლით, რომ აღნიშნული დიდწილად დააბრკოლებს არჩევნების თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას. ცხადია, მისასალმებელია სამართალდამცავი უწყებების მზაობა უზრუნველყონ არჩევნების დღეს წამოჭრილი ნებისმიერი სახის ინციდენტის დროული აღკვეთა, თუმცა გასათვალისწინებელია ის რისკები რაც კენჭისყრის შენობაში/მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელთა ყოფნას ახლავს თან. განსაკუთრებით, ისეთი ფართო უფლებამოსილების ფონზე, როგორიცაა, საკუთარი ინიციატივით, მათ შორის პრევენციული მიზნით, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების შესაძლებლობა.

საია-მ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მომზადებული სამართლებრივი დასკვნა უკვე წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, ასევე საკუთარი მოსაზრებები გააჟღერა შესაბამის კომიტეტებში კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობისას.

 

 

 

 

 

[1] საუბარია ფინეთისა და ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებზე;

[2] საარჩევნო უბანი, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილი, მიმდებარე ტერიტორია ან წინასაარჩევნო აგიტაციის/კამპანიის ღონისძიება;

სხვა სიახლეები