სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის დეკემბერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 65 საარჩევნო ოლქში 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურს აკვირდებოდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა შეგვეფასებინა, დაცული იყო თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების მიხედვით განსაზღვრული ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და საჯაროობის პრინციპები.[1] აგრეთვე, რამდენად იყო დაცული კონკურსში მონაწილე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საიამ კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზი, კენჭისყრის სხდომებზე დასწრება და არჩეული კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება განახოციელა.
საიას მიერ კონკურსის მარეგულირებელი ნორმების შესწავლა-ანალიზმა ცხადყო, რომ წევრთა შესარჩევნი კონკურსის დებულება[2] პრობლემურ ნორმებს შეიცავდა, რადგან გასაუბრების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ უზურნველყოფდა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას.
პროცესის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის რომ თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში, მიღებული ყოფილიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება, საიამ მოუწოდა ცესკოს გადაეხედა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესისათვის და შემოეღო გასაუბრება, როგორც კონკურსის სავალდებულო ეტაპი. თუმცა, სამწუხაროდ ცესკომ კონკურსის ჩატარების წესი ამ კუთხით არ შეცვალა[3] და კონკურის არსებული რეგულაციით ჩაატარა.
საიას დამკვირვებლები უშუალოდ აკვირდებოდნენ კენწისყრის სხდომებსა და გადაწვეტილების მიღების პროცედურას. მართალია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვების შედეგების მიხედვით, ცესკოს გადაწყვეტილებები საკითხის განხილვის გარეშე იქნა მიღებული. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა ყოველგვარი დისკუსიის, კომისიის წევრებს შორის აზრთა გაცვლა - გამოცვლისა და არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე წარიმართა. შედეგად, ცესკოს მხრიდან არ მოხდა მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და ახსნა იმისა, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი კონკრეტულ კანდიდატს ან რატომ სჯობდა ერთი კანდიდატი მეორეს. ჩვენი ინფორმაციით, კანდიდატებს, რომლებიც არ შეირჩნენ, არ განემარტათ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი
კონკურსის შედეგების მონიტორინგის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროფესიული ნიშნით ის პირები აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად, რომლებიც წინა არჩევნებზე პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული კომისიის წევრებად საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მსგავსი ტენდენციის არსებობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს - პროფესიული ნიშნით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას საარჩევნო ადმინისტრაცია დააკომპლექტოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური წევრებით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იმავე წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული პროფესიული კავშირის 24 მოქმედი წევრიც იღებდა. ყველა მათგანი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,[4] თუმცა, 24 პირიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არცერთი არ იქნა არჩეული. ახალი ვადით მოხდა პროფესიული კავშირის ყოფილი წევრის არჩევა, რომელმაც, კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი ინიციატივით დატოვა პროფესიული კავშირი. ეს კი გარკვეულ კითხვებს აჩენს განხორციელებული კონკურსის ობიექტურობასა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არადისკრიმინაციულად შერჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიზნის, 2016 წლის 30 მარტს, საიამ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასარჩელო მოთხოვნას ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დაიხვეწოს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, რათა საარჩევნო კომისიების წევრების გამოვლენა ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურის მეშვეობით განხორციელდეს.
[1] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1602674
[2] ცესკოს 2012 წლის 2 მარტის დადგენილება # 10/2012 „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების“ დამტკიცების თაობაზე
[3] განცხადება ცესკოს თავმჯდომარის სახელზე, 11.12.2015 #გ-01/134.15
[4] საარჩევნო კოდექსის მე-20-ე მუხლი
გააზიარე: