სიახლეები
საია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე საარჩევნო დავების განხილვის პირველად შედეგებს აქვეყნებს. გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, პირველ ტურზე, კენჭისყრის დღისა და შემდგომ პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივრები ეხებოდა:
- საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას;
- კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებასა და წილისყრის პროცედურების დარღვევებს;
- კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებს;
- დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას;
- ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ დარღვევებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის საჩივრები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მთელ რიგ უზუსტობებს ეხებოდა, კერძოდ, ამ არჩევნებზეც, კვლავ პრობლემად დარჩა:
- შემაჯამებელი ოქმების არაერთგვაროვანი შევსება;
- ხელმოწერებისა და კომისიის ბეჭდების არ არსებობა;
- დისბალანსი (ნაკლებობა ან მეტობა);
- შესწორების ოქმების კანონმდებლობის დარღვევით შედგენა, რა დროსაც არ ხდებოდა ადმინისტრაციული წარმოების სრულად ჩატარება და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამოკვლევა.
გააზიარე: