სიახლეები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნეგატიურად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ავტორობით შემუშავდა.
საის მოსაზრებით კანონპროექტი აერთიანებს არაერთ ინიციატივას, რომელიც არ არის თავსებადი საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით გარანტირებულ სტატუსსა და ფუნქციასთან, არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დღეს მოქმედ სტანდარტს, ზრდის კორუფციული გარიგებების დადების რისკს, ისევე როგორც დაუსაბუთებლად ამცირებს სამეურვეო საბჭოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს შორის განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისეთი ინიციატივები, როგორიცაა:
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის დადგენილი რეგულირების გვერდის ავლით, კონკრეტული წესების დადგენის გარეშე, ისეთი მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალების, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმების დამზადების მომსახურებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული პროგრამების შესყიდვა.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებ პორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის/ინოვაციის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის გამორიცხვის შესაძლებლობა საჯარო ინფორმაციის სფეროდან.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებათა შემცირება, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის, მაუწყებლის დებულებასა და ბიუჯეტში ცვლილების შეტანის უფლებამოსილების ჩამორთმევა.
- საზოგადოებრივ მაუწყებლის საქმიანობაზე იმ ნორმატიული ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედების გამორიცხვა, რომლებიც არეგულირებენ საბიუჯეტო ორგანიზაციების/დაწესებულებების საქმიანობას.
- დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-, რადიო- და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლების, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებების განკარგვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული წესის გარეშე.
საგულისხმოა, რომ ზემოთ დასახელებულ საკითხებთან მიმართებით განმარტებითი ბარათი რიგ შემთხვევაში საერთო არ შეიცავს ცვლილებათა საჭიროების დასაბუთებას, რიგ შემთხვევაში მოყვანილი არგუმენტები არ არის საკმარისი ამ სახის ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, ხოლო რიგ შემთხვევაში განვითარებული მსჯელობა საერთოდ არ ემყარება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს და არ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე რეალურად მდგომ გამოწვევებს.
მომზადებული კანონპროექტის საერთო ანალიზის შედეგად შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ შემოთავაზებული ცვლილებების უცვლელი სახით მიღება სერიოზულ ეჭვ ქვეშ დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით გარანტირებულ სტატუსს - პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით დაფუძნებული მაუწყებელი, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.[1]
შესაბამისად, საია იმედს იტოვებს, რომ ზემოთ დასახელებული საკითხები, ისევე როგორც დაინტერესებული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ამ საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები და წუხილები გათვალისწინებული იქნება და საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს წარმოდგენილი სახით.
[1] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 15;
გააზიარე: