GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 აპრილი, 2018

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ლაშა კაციას სახელით საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას, რომლითაც ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. საჩივრით მიმართვა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ლაშა კაციას უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. დაზარალებულის სტატუსის გარეშე ლაშა კაცია მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საქმის მასალებს და იყოს საქმის კურსში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ის ასევე ვერ სარგებლობს საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით და საქმეში მონაწილეობს მხოლოდ მოწმის სტატუსით. 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ლაშა კაცია 2018 წლის 09 მარტს ქ. თბილისში ღამის საათებში პოლიციის სამმა თანამშრომელმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით მოათავსა და  აღნიშნულ მანქანაში მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შედეგად ლაშამ განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ისე მორალური ტანჯვა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 09 მარტს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის რამდენჯერმეა გამოკითხული ლაშა კაცია, ასევე ჩატარებულია ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც ლაშამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დღემდე არ მომხდარა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ასევე, ლაშა კაცია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად.  

საია მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, დააკმაყოფილოს წარდგენილი საჩივარი და ლაშა კაცია ცნოს დაზარალებულად. 

სხვა სიახლეები