GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 ნოემბერი, 2017

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა ხაშურში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერებს შორის.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებოდნენ ქალაქში, მაშხალები ესროლეს რამაზ ნოზაძის ოფისს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ  ოფისიდან გამოვიდნენ რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც,  მსუბუქად დაშავდნენ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები, სულ 3 ადამიანი, მათ შორის  1 ახალგაზრდა ქალი.

დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ინფორმაციით, ინციდენტში ქართული ოცნების მხრიდან მონაწილეობდა ხაშურის თვითმმართველობაში დასაქმებული რამდენიმე საჯარო მოხელე.

ადგილზე დროულად მივიდა პოლიცია, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და გააშველა მხარეები. პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე შეამოწმა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები და ერთ მათგანს  სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო. თუმცა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერების განცხადებით, პოლიციას ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე არ შეუმოწმებია  ინცინდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. 

საია აგრძელებს ფაქტის შესწავლას.

მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ინცინდენტში და დადასტურების შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის ძალადობის და დაძაბულობისაგან და პატივი სცენ კანონს და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშნველობას.

 

გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

სხვა სიახლეები