GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

19 ოქტომბერი, 2018

ა.წ. 19 ოქტომბერს, საიამ, ანა დოლიძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმები, რაც მოსამართლეობის კანდიდატს არაობიექტურობისა და მიკერძოების გამო აძლევს უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიკერძოებულად იქნა მიჩნეული ანა დოლიძის განცხადება, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრი აცხადებდა, რომ მოსამართლეებად არ უნდა ყოფილიყვნენ დანიშნული სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში გამოცდილების მქონე ის მოსამართლეები, რომელთა ხელითაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა რეპრესიებს. ამ განცხადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ააცილა ანა დოლიძე 14 მოსამართლის დანიშვნის პროცესს.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია სახელმწიფო მოსამსახურის უფლება შეუფერხებლად განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებები. ეს მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქეს არა მხოლოდ საჯარო სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან, არამედ მაშინაც, როცა სახელმწიფო მოსამსახურეს არა აქვს თავისი უფლებამოსილების დროებით განხორციელების შესაძლებლობა. აცილებით იუსტიციის საბჭოს წევრი მოკლებული ხდება შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში - მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში.

საია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლება არ უნდა იზღუდებოდეს. მით უმეტეს თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადება მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებას ეხება. საბჭოს წევრი კანონმდებლობით ვალდებულია, უარყოფითად შეაფასოს ის კანიდიდატი, რომელიც გარე ზეწოლას ვერ უძლებდა, ასეთი კანდიდატი მიჩნეულია არაკეთილსინდისიერად. იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება არ უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ამ განცხადებაში უარყოფითად არ არის მოხსენიებული კონკრეტული მოსამართლე, არამედ ზოგადად საუბარია არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების ჯგუფზე და მოსამართლეთა შეფასების ზოგად კრიტერიუმებზე.   

საია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ნორმის მოქმედების შეჩერებას ითხოვს. 

სხვა სიახლეები