სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევენ 2019 წლის 14 მარტს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას მუშის გარდაცვალების შემთხვევას და უსამძიმრებენ დაღუპულის ოჯახს.
ბოლო წლებში, დასაქმების ადგილებზე მოსალოდნელი საფრთხეების და უბედური შემთხვევების პრევენცია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებული პირები დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მიღებისა და შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავების მიუხედავად, საფრთხის შემცველ სამუშაოზე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ფაქტობრივად, ყოველდღიური რისკის ქვეშ დგას; საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანების რაოდენობა კი - საგანგაშოა (2011-2018 წლებში დაშავდა 1081 და დაიღუპა 376 ადამიანი. 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 59 ადამიანი).
სახელმწიფო კვლავ ვერ ახერხებს იმგვარი შრომითი პოლიტიკის შექმნას, რომ კერძო დამსაქმებლებმა უზრუნველყონ შრომის ღირსეული პირობები, რომელიც დასაქმებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.
დადებითი მოვლენაა 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ გაუმჯობესებული კანონმდებლობის მიღება, რომლის თანახმად, გაძლიერდა შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ორგანოს მანდატი და დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის უფლებამოსილება მიენიჭა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში საწარმოო ტრავმების შედეგად დასაქმებულთა გარდაცვალების და სხეულებრივი დაზიანების შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე, გაუმართლებელი ნაბიჯი იყო აღნიშნული ცვლილებების 2019 წლის 1 სექტემბრამდე გადავადება. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ეჭვს, რომ სახელმწიფოს საკითხის მასშტაბურობა სათანადოდ გაცნობიერებული არ აქვს.
ასევე, 2018 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, გამკაცრდა სანქციის ოდენობა ქ. თბილისში მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის და პირი მსგავსი სამართალდარღვევისთვის 30 000 ლარით ჯარიმდება. თუმცა, სანქციების გამკაცრება პროპორციულად უნდა განხორციელდეს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც დარღვევისთვის სანქცია მხოლოდ 500 ლარს წარმოადგენს. ასევე უნდა მოხდეს სანქციების დიფერენცირება მშენებლობის ხასიათიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება დასაქმების ადგილებზე მომხდარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, რაც მეტად ახალისებს შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობას და ხაზს უსვამს ამ მხრივ პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას.
საია და EMC მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალების შემთხვევაზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, შესაბამისი ბრალდებული პირების იდენტიფიცირების ჩათვლით.
გააზიარე: