GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 მარტი, 2017

2017 წლის 27 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა: „ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა.“ ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე.

დაკვირვების შედეგად, გამოვავლინეთ შემდეგი მიგნებები:

- ხშირად, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. ამით პოტენციური საფრთხე ექმნება ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. წინა საანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი;

- ასევე, ამ ტიპის დანაშაულებთან მიმართებით პრობლემურია სასჯელის ადეკვატურობა. გამამტყუნებელი განაჩენებისა და დანაშაულის სერიოზულობის მიუხედავად, მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება;

- კვლევამ აჩვენა, რომ პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისათვის გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების გამოკვლევა და შეფასება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არცერთ შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად. (არ მომხდარა მითითება სსკ-ის 53-ე მუხლის 31 პუნქტზე). მიუხედავად საქმეში არსებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს; 

- დაფიქსირდა არასრული, მსუბუქი კვალიფიკაციის ორი შემთხვევა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე, რაც პროკურორის არაეფექტურ და ხარვეზიან საქმიანობაზე მიანიშნებს;

საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, ანგარიში საყურადღებო მონაცემებს შეიცავს პროკურორებისათვის. იმედი გვაქვს, ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდებიან ზემოხსენებული უწყებები და პრაქტიკული საქმიანობის დახვეწით, ხელს შეუწყობენ გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების არსებობობასა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სამართალწარმოების სრულყოფა-გაუმჯობესებას. 

აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, გაიზარდოს საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.

საიამ დღემდე მონიტორინგის ცხრა ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით. საიას მეათე ანგარიში კი მოიცავს პერიოდს 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით. საიამ მე-10 საანგარიშო პერიოდში ცალკე ანგარიშის სახით გამოყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეები და ამ საკითხებზე ინდივიდუალური, თემატური დოკუმენტი მოამზადა.

სხვა სიახლეები