სიახლეები
დღეს, 10 ივლისს, საიამ გამართა პროექტის „ichange.gov.ge პეტიციების პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანია“ დახურვის ღონისძიება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ასევე, წარდგენილი იქნა პეტიციების პორტალთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები.
პორტალ ichange.gov.ge-ის გაცნობისა და პეტიციების შედგენის მიზნით, საიამ საქმიანობის პერიოდში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართა 20 შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 500-ზე მეტი მონაწილე.
სამოქალაქო აქტივიზმის გააქტიურებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ასევე, შეიქმნა ინფოგრაფიკები, ხუთი პოდკასტი, ვიდეო და ბეჭდური სახელმძღვანელოები და ინფორმაცია პორტალის შესახებ გავრცელდა როგორც რადიო, ასევე სატელევიზიო რეკლამების სახით. პეტიციის თემატიკის უკეთ გაცნობისთვის კი, საია და AGC, აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობდნენ პეტიციის ინიციატორებთან, რის შედეგადაც სოციალურ ქსელში განთავსდა ფოტო ისტორიები და სტატიები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პორტალის ichange.gov.ge-ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ACT-მ ჩაატარა მოქალაქეების ონლაინ გამოკითხვა - სულ გამოიკითხა 241 ადამიანი. გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით კი, შემუშავებული იქნა სხვადასხვა სახის რეკომენდაციები, მათ შორის:
- პეტიციაზე ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობის შემცირება;
- პორტალზე რეგისტრაციის გამარტივება;
- პორტალის ინტერფეისის გაუმჯობესება;
- აუცილებელია მთავრობის ადმინისტრაციის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტის განხორციელების პერიოდში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტრონული პეტიციების პორტალზე დარეგისტრირებული იქნა 188 პეტიცია.
პროექტი „ichange.gov.ge პეტიციების პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანია“ განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ ფინანსური მხარდაჭერით.
ზემოაღნიშნული პროექტის დახურვის ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის - არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ორგანიზებულ მედია კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება. აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო აქტიური მოქალაქეობის იდეისა და მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge პოპულარიზაცია. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
- საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი - სულხან მესხიძე (TV 25);
- საუკეთესო რადიო სიუჟეტი - ანი ბურდული (რადიო თავისუფლება);
- საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია - თეა თოფურია (რადიო თავისუფლება);
- საუკეთესო ბლოგი - ოლიკო ცისკარიშვილი (ეკოფაქტი).
პროექტ „ichange.gov.ge პეტიციების პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანია“ დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.
გააზიარე: