სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი“.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმეზე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ) ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულირება, რომელიც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენის გარეშე, თვითმმართველი ერთეულის არჩეული თანამდებობის პირი განუსაზღვრელი ვადით გადაეყენებინა თანამდებობიდან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა და პრობლემური საკითხი წამოჭრა. ამ საკითხების შესწავლის მიზნით საიამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელეს კვლევა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის კუთხით საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო სტადარტების შესწავლა და შედარებითი ანალიზის გაკეთება, რომელიც საფუძვლად დაედება საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნისათვის.
კვლევა, ასევე, ასახავს პროექტის ფარგლებში 19 ფოკუს ჯგუფის შედეგად გამოკითხული 279 რესპონდენტის (180 ადგილობრივი თვითმმართველობის და 99 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი) მოსაზრებას, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სტატუსზე და იმუნიტეტის საჭიროებაზე, როგორც საზოგადოების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
საქართველოს კანონმდებლობაში გასატარებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირებისათვის დაცვის შესაბამისი გარანტიების შესაქმნელად, რამაც იმავდროულად, ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ინტერესებს.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაციას, ერთის მხრივ, შეუძლია შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისათვის დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები და მეორეს მხრივ, დაიცვას გონივრული ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის, კერძოდ:
- მიზანშეწონილია, მხოლოდ მთავარ პროკურორს მიენიჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი გზით არჩეულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლება და უმჯობესია, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება მინდობილი არ იყოს რიგით პროკურორებზე, რათა მაქსიმალურად შემცირდეს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკი;
- მხოლოდ მთავარ პროკურორს (ან, გამონაკლისის სახით, მის რომელიმე მოადგილეს) მიეცეს შუამდგომლობის სახით თვითმმართველი ერთეულის არჩევითი თანამდებობის პირის გადაყენების მოთხოვნის უფლება;
- იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო განიხილავს აღნიშნული ბრალდებული პირის გადაყენების საკითხს, ვადა, რა დროის განმავლობაშიც მას ჩამოაშორებენ პოზიციისგან, უნდა იყოს შეზღუდული. დაუშვებელია, გადაყენება გაგრძელდეს შემაჯამებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. ასევე, შესაძლებელია, შუამდგომლობის დაყენების უფლება შეიზღუდოს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გარკვეულ პერიოდებში (მაგ: უფლებამოსილების საწყის და ბოლო პერიოდებში);
- მკაფიოდ უნდა გაიწეროს შერჩეული ღონისძიების (უფლებამოსილების შეჩერების) პერიოდული კონტროლის პროცედურა, რაც ბრალდებულს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, აღიდგინოს თანამდებობრივი უფლებამოსილება;
- შესაძლებელია, გარკვეულ დონემდე, აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, რაღაც ფორმით ლიმიტირებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, რადგან პატიმრობას ობიექტურად თან სდევს პირისათვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაც (მაგალითად, კანონით, შესაძლოა, დაწესდეს ამ პირებთან მიმართებით პატიმრობის შემცირებული ვადები, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართვის უფლების ექსკლუზიურად მთავარი პროკურორისთვის მინიჭება). განსაკუთრებით ეს ეხება მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულებს;
- კანონმდებელმა უნდა მოახდინოს დიფერენცირება თანამდებობრივ და სხვა ტიპის დანაშაულებს შორის. დაუშვებელია, რაიმე სახის იმუნიტეტი შეეხოს ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა, მაგალითად, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, მკვლელობა და ა.შ. უმჯობესია კანონმდებელმა გაითვალისწონოს ინკრიმინირებულ ქმედებათა ის წრე, რომელიც პოტენციურად ყველაზე უფრო ხშირად წარმოქმნის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების არსებობის თაობაზე კითხვის ნიშნებს და სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გაითვალისწინოს სპეციალური წესები;
- პრივილეგიების არსებობამ არ უნდა დააბრკოლოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეტაპი. დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ ისეთი იძულების ღონისძიებების ორდინალური პროცედურის ფარგლებში განხორციელება, როგორებიცაა ჩხრეკა, ამოღება, ნიმუშის აღება, ჩვენების მისაცემად იძულებით მიყვანა. დასახელებული მოქმედებები უშუალოდ არ იწვევს კონკრეტული სუბიექტისათვის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში რაიმე არსებითი დაბრკოლების შექმნას. ეჭვს არ იწვევს ასევე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას (იმის მიუხედავად, მოჰყვება თუ არა მას მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთა) პირისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
კვლევა მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქაართველოს ერთობლივი პროექტის - „დაცული არჩევანი - ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“ ფარგლებში, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
გააზიარე: