სიახლეები
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შესრულდეს. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“ და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევებით დასტურდება, რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი, აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ყურადღებით დავაკვირდებით ტელეკომპანიების - „TV პირველისა“ და „არტარეის“ ირგვლივ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
გააზიარე: