სიახლეები
ამა წლის 10 ოქტომბერს ,,კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ინფორმაციის გავრცელებაში ხელი შეუშალეს.
როგორც მედიაში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, მედიის წარმომადგენლები რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ. ვიდეომასალის გადაღების დროს კი, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.
მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნებიც.
მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.
გააზიარე: