სიახლეები
დღეს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 37 000 ხელმოწერას შეიტანს. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. აგრეთვე, იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task Force), რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები. ხელმოწერების შეგროვების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებდა. ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 1 მაისიდან 12 ივნისამდე მიმდინარეობდა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატივის მხარდამჭერი გამხდარიყო.
გააზიარე: