სიახლეები
შესავალი
2016 წლის 14-16 სექტემბერს პარიზში, საფრანგეთში გაიმართა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის (CAN) სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული და მიღებული იქნა საქართველოს მიერ ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მეოთრე რაუნდის მონიტორინგის ანგარიში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მეოთხე რაუნდის ანგარიში (შემდგომში ანგარიში) მოიცავს ოთხ ძირითად თავს: 1) ანტიკორუფციული პოლიტიკა; 2) კორუფციის პრევენცია; 3) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კორუფციულ დანაშაულებთან მიმართებით; 4) კორუფციის პრევენცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თითოეულ თავში თემატურად არის გადანაწილებული საკითხები და შეფასებულია საქართველოში არსებული ანტიკორუფციული ვითარება ბოლო სამი წლის განმავლობაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული ანგარიშის შემუშავებისა და განხილვის პროცესში. ანგარიშში გათვალისწინებული იქნა ორგანიზაციის რეკომენდაციები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღების, საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის ნორმების აღსრულების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გამონაკლისებისა და პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელებული შესყიდვების შემცირების, სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელების თაობაზე.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია OECD-ის მომზადებული ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მიერ ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებისას არსებული მიღწევებისა და პრობლემების მიმოხილვა, ასევე ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციების ანალიზი. დოკუმენტში ასევე ყურადღება მიექცევა საქართველოს მიერ რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების შემუშავებასა და მათ პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხებს.
OECD-ის მომზადებული ანგარიში წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს:
1. შემუშავდეს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სამინისტროების, საჯარო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დონეზე, არსებული კორუფციული რისკების შეფასების საფუძველზე;
2. უზრუნველყოფილი იქნას ინტერესტთა კონფლიქტისა და კეთილსინდისიერების ნორმების აღსრულება პარლამენტის, სამინისტროებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების სისტემაში;
3. შემცირდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისები და საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვების რაოდენობა;
4. შესწავლილი იქნას ბიზნეს სექტორში კორუფციის შესაძლო რისკები, ჩაუტარდეთ შესაბამისი ტრეინინგები კომპანიებისა და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს, დაინერგოს ანტიკორუფციული პროგრამები და ღონისძიებები სახელმწიფოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებულ საწარმოებში;
5. მიღებული იქნას ინფორმაციის თავისუფლების შესახებ თანამედროვე კანონი;
6. გაძლიერდეს საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფიული დეპარტამენტის ფუნქციები და ერთმანეთისაგან ნათლად გაიმიჯნოს აღნიშნულ სფეროში პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საგამოძიებო ფუნქციები;
7. გაიზარდოს პროკურატურის დამოუკიდებლობა მმართველობით საკითხებში, როგორიცაა პროკურორების კარიერის მართვა და პროკურორების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი მოწესრიგდეს კანონის საფუძველზე;
8. გაგრძელდეს რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების გაზრდის მიზნით, კერძოდ: გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და გათვისუფლების პროცედურა; შემოღებული და დანერგილი იქნას მოსამართლეთა შორის შემთხვევითი პრინციპით საქმეების განაწილების ელექტრონული სისტემა;
გამოვთქვავთ იმედს, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას ეროვნული ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმით დადგენილი ვალდებულებების კონტექსტში.
მიმოხილვის სრული ვერსია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში, ხოლო ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე
გააზიარე: