საია მთავარ პროკურორს მოუწოდებს, პირად კონრტოლზე აიყვანოს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება

2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამეგრელოში 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 13:30 საათისთვის მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და უცნობ პირებს შორის. აღნიშნული პირები, სავარაუდოდ სპორტსმენები, დილიდან იყვნენ მობილიზებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მომხდარ დაპირისპირებას უშუალოდ შეესწრო საიას დამკვირვებელი, რომელმაც აღნიშნული ინციდენტის ვიდეო გადაღებაც განახორციელა.

განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,  ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების -რუსთავი ორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, LIVEPRESS-ის, ტელეკომპანია ოდიშისა და ipress.ge-ს წარმომადგენლებს და/ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით და მათ ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მისასალმებელია გამოძიების დროულად დაწყების ფაქტი, თუმცა არსებითია, რომ გამოძიება მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ საიას შეფასებით, ზემოაღნიშნულ ფაქტებში  იკვეთება არამხოლოდ სსკ 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არამედ ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს მისდამი აშკარა უპატივცემულობას (სსსკ 239-ე მუხლი), ასევე მოიცავს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ნიშნებს (სსსკ 154-ე მუხლი).

ქმედების სწორ კვალიფიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდგომი დანაშაულების პრევენციისათვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ, ზემოაღნიშნული პირების მობილიზება და ჩაყვანა სამეგრელოში განხორციელდა პარტია  „ქართული ოცნების“ მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამ. განცხადების შინაარსი მიუთითებს შესაძლო გარემოებებზე, რაც, დადასტურების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თავის მხრივ, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ძალადობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ იყო პროვოცირებული და ბრალი დასდეს მათ ზონდერების მობილიზებაში.

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, უზრუნველყოს ცალკე გამოძიება ორივე პარტიის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, აუცილებელია, გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სწრაფად და სრულყოფილად და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით.

 აღნიშნული შემთხვევაზე ხელისუფლების რეაგირება პირდაპირ გავლენას მოახდენს  2016 წლის ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოზე და შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია მომხდარ ფაქტზე  რეაგირება იყოს დროული და სრულყოფილი.

საია მოუწოდებს:

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და მომხრეებს:

- თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობისა და კანონდარღვევისაგან და პატივი სცენ არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას;

სამართალდამცავ ორგანოებს:

- ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ კორცხელში მომხდარ შემთხვევას, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;

- დაიცვან ჟურნალისტები ძალადობისგან და უზრუნველყონ ისინი შესაბამისი სამუშაო გარემოთი;

შსს გენერალურ ინსპექციას:

- შეისწავლონ კორცხელში მომხდარი ინცინდენტის დროს რამდენად ჯეროვანი და დროული რეაგირება განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

საქართველოს მთავარ პროკურორს:

- პირად კონტროლზე აიყვანოს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების და მასთან დაკავშირებით გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებების გამოძიება.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge