სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
05 ივნისი, 2024სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC), 5 წელზე მეტია, რაც აქტიურად ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში. CEAC მოწოდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება, ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციას, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად ჩვენ ვატარებთ ღონისძიებებს, ტრენინგებს, სემინარებს, დებატებს, კვლევებს, ადვოკატირების კამპანიებს და მონიტორინგს.
CEAC-ში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდების გაძლიერებას, სამოქალაქო ჩართულობას და აქტივიზმს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინკლუზიური სამოქალაქო ჩართულობის მქონე საზოგადოება, სადაც ყველას აქვს ადგილი მაგიდასთან, რათა განსაზღვროს, წარმართოს და ჩაერთოს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. ჩვენმა მუშაობამ არაერთხელ აჩვენა, რომ სამოქალაქო ჩართულობასა და აქტივიზმს შეუძლია, დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს საზოგადოებაში. მაგალითად, 5 წლის წინ მარნეულის მერია საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ინფორმაციას მხოლოდ ქართულ ენაზე ავრცელებდა. ამის გადასაჭრელად ჩვენმა ახალგაზრდებმა ონლაინ ფლეშმობი მოაწყვეს და მოითხოვეს, რომ მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ფეისბუკ-გვერდზე ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზეც გამოქვეყნებულიყო. ერთ კვირაში მერიამ დაიწყო ინფორმაციის განთავსება აზერბაიჯანულ ენაზეც, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციაზე.
„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ (CEAC) აქტიურობა არც პანდემიის დროს შეწყვეტილა. ამ პერიოდში რეგიონში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების დასადგენად და მათ უზრუნველსაყოფად ვმუშაობდით. როდესაც მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად გამოცხადდა, ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში იყო ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნა. არავინ იცოდა, რა იყო ეს ვირუსი და რა ხდებოდა. ჩვენ მოვამზადეთ ანიმაციური ვიდეორგოლი, შევქმენით მოხალისეთა ჯგუფი, ვუკავშირდებოდით სათემო ცენტრებს, ხალხს და ვეხმარებოდით მოხალისეობრივად. ასევე, პანდემიის პერიოდში კამპანია დავიწყეთ იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებსაც ინტერნეტის თანხის გადახდა სჭირდებოდათ. კამპანიის ფარგლებში მოგროვებული თანხით 50 ოჯახს ინტერნეტის გადასახადი გადავუხადეთ.
CEAC-ის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ადვოკატირების კამპანიების ფარგლებში მარნეულის მერიამ შეიძინა 5 საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 400-მდე ნაგვის ურნა, შეიმუშავა სპეციალური პროგრამა ახალგაზრდული იდეების
მხარდასაჭერად. მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აშენდა ფეხბურთის მოედანი და სკვერი, დამონტაჟდა გარე განათება და მოასფალტდა გზები. ასევე, CEAC-ის საბიუჯეტო ინიციატივის საფუძველზე, 2026 წლამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის ყაჩაგანისა და ქურთლიარის თემში აშენდება ორი ახალი საბავშვო ბაღი. CEAC სახელმწიფო ენის არმცოდნე საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება ოფიციალური წერილების თარგმნაში, წერილების წერასა და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციაში. ორგანიზაციაში დანერგილია ინდივიდუალური მიდგომა, რომლის შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ვეხმარებით.
2022 წელს CEAC-ის ბაზაზე, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში შეიქმნა მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდების განვითარება, გაძლიერება, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და გააქტიურება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგები, სემინარები, დებატები, ვიზიტები, მცირე გრანტები და გაცვლითი პროგრამები და თემატური სკოლები. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენ გვჯერა, რომ CEAC არის იდეა, რომელიც გვაერთიანებს ყველას. ეს არის თავისუფალ, ძლიერ, ინტეგრირებულ და ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრების ხედვა. მრავალი გამოწვევისა და ბარიერის მიუხედავად, ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ ქვემო ქართლის რეგიონში და ყოველწლიურად მიზნად ვისახავთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებთან გამკლავებას, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.
ავტორი: რაშან ზიადალიევი
ბლოგი მომზადდა რაშან ზიადალიევის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.
ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.
გააზიარე: