სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იანვრის თვის წარმატებული საქმეები

2015-02-09 11:00
Featured image

საიას დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის და სარჩოს გადახდა დაეკისრა

საია სასამართლოში იცავდა ი. გ-ს ინტერესებს. მან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ავტოავარიის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და სხვადასხვა დროს ჩაუტარდა  სხვადასხვა სახის არაერთი ოპერაცია. დღეისათვის მას სისტემატურად სჭირდება სამედიცინო მომვლელი. 2011 წელს ი.გ.-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამედიცინო მომვლელისა და ყოველთვიური სარჩოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრება. საიას მოსაზრებით სამინისტრო იყო პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში იმ პერიოდისათვის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. 
სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სკოლის მასწავლებელთა მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობას და ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ქონდა ადგილი, ასევე გაითვალისწინა საიას ადვოკატის პოზიცია, სამედიცინო მომვლელისა და სარჩოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურება, ასევე სარჩელის შეტანიდან  ყოველთვიურად სარჩოს ანაზღაურება.


საია-ს დუშეთის ოფისის დახმარებით მოქალაქემ შეძლო შრომის ანაზღაურების მიღება
საიას დუშეთის ოფისი სასამართლოში იცავდა მოქალაქე თ.კ-ს ინტერესებს. მან 2014 წლის აგვისტოში გაარკვია რომ 2013 წლის ოქტომბრიდან შეწყვეტილი ქონდა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან, თუმცა ამ  პერიოდის მანძილზე ის ჩვეულებრივ ასრულებდა კონტრაქტით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და სამუშაოდან  გათავისუფლების შესახებ კომპანიას მისთვის არ უცნობებია. თ.კ-მ საიას დუშეთის ოფისის დახმარებით სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებელის წინააღმდეგ. სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, თ.კ-ს მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე.  


საიას დახმარებით ამხანაგობა ,,ნ“-მ საჯარო რეესტრს დავა მოუგო
საია-ს  თბილისის ოფისის საადვოკატო დახმარებით სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,ნ“-ის სარჩელი. სარჩელით ამხანაგობა დავობდა საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა ამხანაგობას წითელი ხაზების რეგისტრაციაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საიას ადვოკატის მსჯელობები ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვან ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია ამხანაგობის უფლებებზე ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

მოქალაქემ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მიღება
საიას ქუთაისის ფილიალის  ადვოკატი სასამართლოში იცავდა მ.ბ-ს ინტერესებს, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მის შესახებ არ იძებნებოდა ინფორმაცია, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების და დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. მ.ბ.-მ სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით მ.ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მან შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მიღება.

საიას დახმარებით, მოძალადეს  ოჯახური  ძალადობის  მსხვერპლის  მიმართ  სიტყვიერი,  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა
 ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ლ.ხ.-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ლ.ხ-ს მიმართ, მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აეკრძალა მსხვერპლის მიმართ  სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება,  მასთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 თვის ვადით.


საიას დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
საიას თელავის ოფისი იცავდა შ.ა-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის 6 თვის ვადით ჩამოართვა მართვის უფლება. საიას თელავის ოფისის დახმარებით შ.ა-მ ადმინისტრაციული ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში.  სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შ.ა-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.


გორის მუნიციპალიტეტის მერიას  საიას ბენეფიციარის სასარგებლოდ დაევალა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა
საია-ს გორის ოფისი მოსარჩელე ი.ბ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში. მას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მერიამ უარი უთხრა კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარუდგენლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, გორის მუნიციპალიტეტის   მერიას  დაევალა მის სასარგებლოდ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ი.ბ.-ს მიერ წარედგინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საიას დახმარებით, კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაენიშნა ალიმენტი
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა მოსარჩელე  შ.გ-ს ინტერესებს, რომელიც არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ითხოვდა ყოფილი მეუღლისათვის ალიმენტის დაკისრებას.
ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე გ.თ-ს  ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.


შემდეგ ორ საქმეზე რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა სასამართლომ საიას აზრით სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა: 


საიას დახმარებით  გ.ა.-მ  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი დავა მოუგო
საიას თბილისის ოფისი სასამართლოში იცავდა გ.ა.-ს ინტერესებს. გ.ა. წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის ზაფხულში იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამართლებრივი შემოწმება და დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ.ა.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრედიტაციისაკენ მიმართულ საქციელს, რის საფუძველზეც საბოლოოდ მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა იმას, რომ ერთ-ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის შესახებ ისე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ გ.ა.-მ საქმის კურსში არ ჩააყენა ზემდგომი ხელმძღვანელი პირი. ამასთან, მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის საკითხზე გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად იქნა მიღებული.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ ,,დემოკრატიულ სახელმწიფოში ყოველი პირი უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. მაღალი თანამდებობა პრივილეგიას არ იძლევა, რომ ყოველი საკითხი, რაც ასეთ პირს უკავშირდება განხილული იქნეს განსაკუთრებულ რეჟიმში“. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,თუ მსგავს შემთხვევებში ზემდგომი პირის გაუფრთხილებლობა ჩაითვლება დარღვევად, მაშინ ზოგადად ირღვევა მოქალაქეებთან თანაბარი დამოკიდებულების პრინციპი [...] აღნიშნული პრინციპის დამკვიდრება უდაოდ გამოიწვევს უთანასწორობას, მიკერძოებულობასა და ფავორიტიზმს, რაც საფუძველს შეურყევს საჯარო ფუნქციების შესრულების კანონიერებას“.
შედეგად, სასამართლომ ბათილად ცნო ბრძანება გ.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მხარეს დააკისრა მის სასარგებლოთ კომპენსაციის სახით 6 თვის ხელფასის ანაზღაურება.

საიას დახმარებით კიდევ ერთმა დევნილმა საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული დავა მოიგო
საიას თბილისის ოფისი სასამართლოში იცავდა აფხაზეთიდან დევნილი დ.ღ.-ს ინტერესებს, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უარს ეუბნებოდა სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.  2013 წელს დ.ღ.-ს სამინისტრომ აცნობა, რომ მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა, რადგან იგი უკვე დაკმაყოფილებულად ითვლებოდა 2010 წლიდან. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფომ დ.ღ.-ს ოჯახი მისი თანხმობის გარეშე ხელოვნურად გააერთიანა მამის ოჯახთან, რომელსაც 2010 წელს დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადასცა დევნილთა კომპაქტურად განსახლების შენობაში არსებული ფართი - 23.06 კვ.მ. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება დ.ღ-ს ოჯახის წევრების ნაწილში. სასამართლომ განმარტა, რომ სადაო ხელშეკრულება, როგორც უფლება შემზღუდველი დ.ღ.-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების ნაწილში არ იყო იურიდიული ძალის მქონე, იმდენად, რამდენადაც არ არსებობდა მის დადებაზე სავალდებულო წერილობითი თანხმობა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დ.ღ.-ს არ ეცნობა ხელშეკრულების დადებამდე მის შესახებ და არ მიეცა საშუალება საკუთარი მოსაზრება წარედგინა, რაც ასევე ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას. ამავე საქმეში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, ხელშეკრულებით გადაცემული ფართი რამდენად აკმაყოფილებდა სათანადო საცხოვრებლის მინიმალურ სტანდარტებს და განმარტა, რომ ,,სახელმწიფო დევნილთათვის ადეკვატურ საცხოვრებლად მიიჩნევს მხოლოდ ისეთ ფართს, რომელიც დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.“ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ 6 სულიანი ოჯახისათვის გადაცემული 23.06 კვ.მ არ შეიძლება მიჩნეულიყო სათანადო საცხოვრებლის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.