სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტზე

2015-02-04 18:18
Featured image

ბოლო დროს აქტუალური გახდა „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში -  სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება.

მიუხედავად არაერთი სატელევიზიო ეთერის, სიუჟეტისა, თუ შეხვედრა-დისკუსიისა, თემისადმი კვლავაც დიდია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული პროექტისადმი უაღრესად დიდი ინტერესის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 3900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა. ხელმომწერთა რაოდენება კვლავაც იზრდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს,  რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიიღებული „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  არსებობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმინსტრაციული წარმოება.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში (სოლოლაკის ქედი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორია, ერეკლეს მოედანი) დაგეგმილი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.