სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

2014-11-12 11:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1 აპრილიდან 22 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. 

ანგარიშში დაწვრილებით ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და  შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები. ანგარიშში  მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება. 
 
საიას შეფასებით, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები კანდიდატთა სიმრავლით, მათ შორის, მაღალი კონკურენციითა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით - ნაკლები, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით - მეტი პრობლემურობით გამოირჩეოდა.
 
საია დააკვირდა როგორც წინასარჩევნო კამპანიას ასევე არჩევნების დღეს, განმეორებით კენჭისყრასა და მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურს. 2014 წლის 15 ივნისს, კენჭისყრის დღეს, საიას 500 -მდე დამკვირვებელი თბილისსა და რეგიონებში 40 საარჩევნო ოლქს დააკვირდა.
 
2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ისეთი დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება. მსგავსი ფაქტები აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.
 
საიამ არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა ორ შუალუდურ ანგარიშში შეაფასა, სადაც დაფიქსირდა ამ პერიოდში არსებული დარღვევევბი. ეს ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდებოდა შესაბამის უწყებებს.
 
საიას შეფასებით, მთლიანობაში, 2014 წლის 15 ივნისს კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. კენჭისყრის დღეს განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. სხვადასხვა ოლქებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა (1),  რამაც მოგვიანებით გარკვეულ უბანებზე განმეორებითი არჩევნების ჩატარება განაპირობა. (2)  მთელ რიგ შემთხვევებში, საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო  და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში საიას დამკვირვებლებმა 150 საჩივარი წარადგინეს და 127 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. 
 
იმ ოლქებში, რომლებშიც საიას დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ, გამოვლინდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები, ცალკეული შემთხვევების გარდა, არ იყვნენ მოწოდებულნი, დეტალურად შეესწავლათ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები, მოეხდინათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და მტკიცებულებათა ჯეროვანი შესწავლა/შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ, კონკრეტულ შემთხვევებში, არსებული დარღვევები შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული, საოლქო საარჩევნო კომისიები არ აკმაყოფილებდნენ საჩივარში დაყენებულ მოთხოვნებს და, ცალკეულ შემთხვევებში, უარს აცხადებდნენ თავად მტკიცებულებების მიღებაზე. არჩევნების შემდგომ პერიოდში საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში 262 საჩივარი წარადგინა, პირველი ინსტანციის სასამართლოში - 58 სარჩელი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 21 საქმე გაასაჩივრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა 95 საჩივარი სრულად, 68 საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. სასამართლოში წარდგენილი 58 სარჩელიდან 4 სრულად, 20 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
 
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკვეთილი პრობლემები და დაფიქსირებული დარღვევები ისევ აქტუალური იყო მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს. თუმცა, არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურზე საუბნო საარჩევნო კომისიები, უმრავლეს შემთხვევაში, ადეკვატურად რეაგირებდნენ საიას დამკვირვებლების შენიშვნებზე და საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს დაუყოვნებლივ ასწორებდნენ. ამიტომ საიას დამკვირვებლებმა საჩივრები, მთელ რიგ შემთხვევებში, აღარ წარადგინეს. მეორე ტურზე საიას დამკვირვებლებმა სულ 43 საჩივარი დაწერეს და 34 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია გამოთქვამს იმედს, რომ წინამდებარე ანგარიში დაეხმარება საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს, განამტკიცონ მიღწევები და აღმოფხვრან ხარვეზები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
 

1) მარტვილის #16 (გაიტაცეს ბიულეტენები), ზუგდიდის #32 (ჩაიშალა ხმის მიცემა), ხონის #22 (უბნის დარბევა), ხონის #19 უბანი (კენჭისყრის შენობაში შეჭრისა და კარის შემტვრევის მცდელობა), თელავის #14 უბანი (ხელმოწერების გაყალბება), მუქარა დამკვირვებელზე (სამგორის #32, ხულოს #27).
2) იხ. განმეორებითი არჩევნების თავი.