სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20 წლისაა

2014-09-22 13:29
Featured image

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაფუძნების დღიდან 20 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში ორგანიზაციის კიდევ ერთი რეგიონული ოფისი გაიხსნა და ეს იქნება საქართველოს მასშტაბით რიგით მეცხრე ოფისი თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, თელავის, დუშეთისა და ოზურგეთის შემდეგ. ზუგდიდის ოფისი ყველა სხვა ოფისის მსგავსად უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მოსახლეობას, საკუთარ წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრების, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, იურიდიული განათლების ხელშეწყობისა და საიას სხვა სტრატეგიული მიზნების მიღწევის საქმეში.
20 წლის განმავლობაში საიამ შეძლო ადამიანის უფლებების დაცვისა და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში მოხდარი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების მიუხედავად, ორგანიზაციის საქმიანობამ დაადასტურა, რომ მისი ღირებულებები და ფასეულობები უცვლელია. კანონის უზენაესობა და სამართლიანობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, გამბედაობა, უფლებისათვის ბრძოლა - ეს ის ფასეულობებია, რაც დაფუძნების დღიდან ორგანიზაციის საქმიანობას გამორჩეულს ხდის და რამაც ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობა განაპირობა. 2011 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში ყველაზე ცნობადი არასამთავრობო ორგანიზაციად დასახელდა. 2013 წელს საიას წილად ხვდა ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების არსებობის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი საერთაშორისო აღიარება -  ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ორგანიზაციის გამოვლენის მიზნით,  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართული კონკურსის ფინალისტობა. საიას ინფორმაციასა და შეფასებებს ეყრდნობიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ჰუმან რაითს ვოჩი (Human Rights Watch), ამნესტი ინტერნეშენალი (Amnesty International) და სხვა მნიშვნელოვანი და გავლენიანი ორგანიზაციები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხებზე ანგარიშების მომზადებისას.
საიას მიღწევები ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც დაფუძნებიდან დღემდე თავისი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მადლიერებას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ღებულობს მოქალაქეების, მისი წევრებისა და თანამშრომლების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების მხრიდან. საია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.