სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

2014-09-01 12:02
Featured image

საიას დახმარებით მოქალაქემ  საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო 

საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა ნ.მ.-ს ინტერესებს, რომლის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ირიცხებოდა ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ნასყიდობის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ნ.მ.-ს უარი უთხრა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის დარეგისტრირებაზე.
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით ნ.მ.-მ  ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და შემდგომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენი ბენეფიციარის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საკუთრების უფლების რეგისტრაცია  მის სასარგებლოდ. სასამართლომ  სრულიად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ საჯარო რეესტრი ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის გარეშე ვალდებული იყო განეხორციელებინა ნ.მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
 
საიას თელავის ოფისის დახმარებით რამდენიმე პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა
 
გ.ჯ. და ე.ა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევად და დაჯარიმდნენ. საიას თელავის ოფისის დახმარებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა თელავის რაიონულ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და როგორც გ.ჯ-ს, ასევე ე.ა-ს მიმართ  შეწყდა  საქმის  წარმოება  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.  
 
საია-ს დახმარებით  სამი მოქალაქე  გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისაგან
 
საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა თ.გ.-ს, გ.კ.-ს და მ.ს.-ს ინტერესებს, რომლებიც ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით   უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმდნენ.
 
საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით, თ.გ-მ, გ.კ.-მ და მ.ს.-მ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამავე სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა თავიდან გამოკვლევა და    ახალი გადაწყვეტილების მიღება. ქალაქ ქუთაისის მერის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ჩვენს ბენეფიციარებს ჯარიმა აღარ დაეკისრათ. 
 
საია-ს დახმარებით სასამართლომ  მოქალაქე  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილედ აღიარა
 
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა გ.მ.-ს ინტერესებს, რომელიც  1991 წლის იანვარ-თებერვლის თვეში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. გ.მ.-ს ადმინისტრაციულმა ორგანოების მიერ უარი ეთქვა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ   ვერ ადასტურებდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის  ფაქტს.
 
მან აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო და მოითხოვა 1991 წლის იანვარ-თებერვლის თვეში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის  დადგენა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.მ-ს სარჩელი და ის შეძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მიღებას.
 
საია-ს დახმარებით მოქალაქეს დაკავებული სახელმწიფო პენსია უკან დაუბრუნდა
 
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ო.ჯ.-ს ინტერესებს, რომელმაც 2008 წლის 21 თებერვალს ერთ-ერთ ბანკთან გააფორმა  საკრედიტო ხელშეკრულება. სესხის აღების დროს ის იმავე ბანკის თანამშრომელი იყო, თუმცა 9 თვის შემდეგ ბანკმა შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა მასთან და გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურის დაკარგვის გამო,  ო.ჯ-მ  სესხის  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულება  სრულად და ჯეროვნად ვერ შეასრულა.
 
ო.ჯ. არის პენსიონერი და ის სახელმწიფო პენსიას იღებს იმავე ბანკის მეშვეობით, რომლიდანაც სესხი აქვს აღებული.  2014 წლის  თებერვლის  თვიდან მას  სასესხო დავალიანების გამო  ბანკმა მთლიანად დაუკავა სახელმწიფო პენსია. ო.ჯ-მ  საიას დახმარებით აღნიშნული ბანკის მიმართ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დაკავებული პენსიის უკან დაბრუნება, ვინაიდან კანონმდებლობით აკრძალულია პენსიის თანხის დაქვითვა.  სარჩელის აღძვრის შემდეგ ბანკმა ო.ჯ.-ს მთლიანად უკან დაუბრუნა დაკავებული პენსია.  შესაბამისად, მან სასამართლოდან გამოიხმო სარჩელი.