სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს

2014-04-23 13:34
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს უკვე შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდება.
 
დაკვირვების მიზანია სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა. საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე. 
 
როგორც წესი, საიას მონიტორები ყურადღებას საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების, პოლიტიკური გაერთიანებების/საარჩევნო სუბიექტების და მათი წარმომადგენლების დაშინებისა და მუქარის, ასევე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზე ამახვილებენ. 
 
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარადგენს. განცხადების გამოქვეყნების მომენტისათვის საიამ უწყებათაშორის კომისიაში 2 განცხადება წარადგინა, რომელიც კომისიის მიერ გამოსაცემი რეკომენდაციების შინაარსსა და შიდა ქართლში საჯარო მოხელის მხრიდან კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევას უკავშირდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.