სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეხუთე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2014-04-16 15:30
Featured image
2014 წლის, 16 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. 
 
პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიამ დღემდე მონიტორინგის ოთხი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით. საიას ახალი ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის ივლისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით. 
საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შემდეგი მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოვლინდა:
 
ცალკეულ საკითხებთან მიმართებით, გაგრძელდა სასამართლოების პრაქტიკის გაუმჯობესების ტენდენცია როგორც გახმაურებულ, ისე ტიპურ შემთხვევებში. მართალია, პროცენტულად გაიზარდა იმ ბრალდებულთა რაოდენობა, ვისაც პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვნად შემცირდა გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიების შესახებ.
 
მოსამართლეები კვლავ არ იყენებენ თავიანთ დისკრეციას - გაათავისუფლონ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან შეუფარდონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება. ნაცვლად ამისა, თითქმის ყველა საქმეში გამოყენებულია პატიმრობა ან გირაო. იყო მხოლოდ სამი გამონაკლისი: 1 - პირადი თავდებობა, 1 - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, 1 შემთხვევაში კი - ბრალდებული სასამართლომ დატოვა აღკვეთის ღონისძიების  გარეშე. ამ სამი შემთხვევიდან, არც ერთი იყო გახმაურებული საქმე.
 
ჯერ კიდევ დაუსაბუთებელი რჩება პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ - მეტწილად გირაოს ნაწილში. პოზიტიურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სასამართლო ხშირად თავად ცდილობს ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გამორკვევას. სასამართლო, ჩვეულებრივ, ავტომატურად აღარ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები უფრო დასაბუთებული გახდა.
 
მონიტორინგის მთელი პერიოდის მანძილზე (2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით) პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა.
 
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, სასამართლოები კვლავ არ აძლევდნენ საზოგადოებას საშუალებას, დასწრებოდნენ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს. 
 
ამასთან, მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, სასამართლოებმა ვერ შეძლეს, წინასწარ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია პირველი წარდგენის სხდომების შესახებ.  ინფორმაცია წინასწარ არ გამოქვეყნებულა აგრეთვე დანარჩენი საქმეების ერთ მეოთხედში. სასამართლოები, როგორც წესი, აკმაყოფილებდნენ პროკურატურის შუამდგომლობას მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. დაცვა, ძირითადად, თავს იკავებდა როგორც საკუთარი მტკიცებულების წარდგენის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნისაგან (თუმცა, დაცვა მეტად აქტიური იყო გახმაურებულ საქმეებში).
 
ჩხრეკისა და ამოღების შესახებ 38 სხდომიდან, რომელთა მონიტორინგსაც საია ახორციელებდა, მხოლოდ ორ შემთხვევაში გასცა სასამართლომ წინასწარი ნებართვა ჩხრეკის ჩატარების შესახებ. დანარჩენ 36 შემთხვევაში, ჩატარებული ჩხრეკა დააკანონა სასამართლომ, როგორც გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ღონისძიება. ეს ბადებს  ეჭვს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო არ ასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებას - თუ ჩხრეკა და ამოღება არ ემყარება გადაუდებელ აუცილებლობას, არ უნდა ჩატარდეს, ან/და შემდეგ დაკანონდეს.   
 
საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლო რჩებოდა მხოლოდ პასიურ როლში და ავტომატურად ამტკიცებდა პრაქტიკულად ყველა საპროცესო შეთანხმებას. თუმცა, კიდევ უფრო შემცირდა იმ საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჯარიმას აკისრებდა. შემცირდა ჯარიმის საშუალო ოდენობაც.
 
კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო პროცესების დროულად დაწყება. პროცესზე ხშირად მოსამართლეები აგვიანებდნენ.
 
საია იმედოვნებს რომ წარმოდგენილი შედეგები ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის სისტემაში დადებითი ცვლილებების განხორციელებას.