GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 ნოემბერი, 2016

საია-ს თბილისის ოფისი იცავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედუუნაროდ ცნო. ქმედუუნაროდ ცნობის შემდგომ, მას შეეზღუდა უფლება, დამოუკიდებლად ესარგებლა სამოქალაქო უფლებებით. მას  დღევანდელი მდგომარეობით აღარ ესაჭიროება მხარდაჭერის გაწევა. ამიტომ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედუუნარობის შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლომ მისი განცხადება წარმოებაში არ მიიღო და განმარტა, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდგომ, რომლითაც გაუქმდა ქმედუუნარობის ინსტიტუტი და შემოვიდა მხარდაჭერის გაწევის რეგულაციები, შეუძლებელი იყო ქმედუუნარობის პირდაპირ შეწყვეტა - პირი ცნობილი უნდა ყოფილიყო მხარდაჭერის მიმღებად და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მხარდაჭერის შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან, რადგან, მართალია, კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით გაუქმდა ქმედუუნარობის ინტიტუტი და შესაბამისად, მისი პირდაპირ შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა, თუმცა, სასამართლო ამ შემთხვევაში ვალდებული იყო ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით და ქმედუუნარობის შესაწყვეტად გამოეყენებინა იგივე რეგულაციები, რაც დადგენილია მხარდაჭერის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტები და ჩათვალა, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი ანალოგიით, რომელიც მხარდაჭერის გაუქმების წესს ადგენს სწორედ ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც პირისთვის მხარდაჭერის გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს.

შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ საქმისთვის, არამედ  საყურადღებო პრაქტიკას ადგენს ქვედა ინსტანციებში ანალოგიური საქმეების სწორად გადაწყვეტის თვალსაზრისით. აღნიშნული განმარტება გაამარტივებს ქმედუუნაროდ აღიარებული იმ პირებისათვის სტატუსის შეწყვეტის პროცედურებს, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ მხარდაჭერა.  

სხვა სიახლეები