სიახლეები
19 აპრილს, საიას წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან. შეხვედრა შეეხებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, რომელიც სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2 წლის წინ დაიწყო. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დაზარალებულებს მიაწოდეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მიმდინარე გამოძიებისა და აღნიშნულ პროცესში მათი უფლებების შესახებ.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად გამოკითხეს დასახლებაში მცხოვრები დევნილები სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით. აღნიშნული მიზნად ისახავს დევნილთა ამჟამინდელი საჭიროებებისა და პრობლემების გამოკვლევას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც ომიდან 10 წლის შემდეგ დევნილთა არსებული მდგომარეობა იქნება ასახული. გარდა ამისა, შეგროვებული ინფორმაცია, ანალიტიკური დამუშავების შემდეგ, მიეწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებსა და დაზარალებულთა ნდობის ფონდს.
აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და „საერთაშორისო სამართლიანობა“ - მიერ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
გააზიარე: