GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 აპრილი, 202515:41

გუშინ, 2025 წლის 06 აპრილს, თბილისში “ინდიგოს” ჟურნალისტი, საბა სორდია პოლიციამ შეაჩერა, გაჩხრიკა და დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტის მიმართ პოლიცია იყენებდა ჰომოფობიურ ლექსიკას, ემუქრებოდა ტექნიკის დაზიანებით. 


აღნიშნული შემთხვევა პოლიციის მხრიდან მოქალაქეების შეჩერების, უკანონო ჩხრეკის და უსაფუძვლო დაკავებების გახშირებული პრაქტიკის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. როგორც წესი, პოლიცია მოქალაქეებს უმიზეზოდ აჩერებს ზედაპირული შემოწმების საბაბით, თუმცა განხორციელებული მოქმედებები (ზურგჩანთის გახსნა, ჩანთიდან ნივთების ამოლაგების მთხოვნა) სცდება ზედაპირული შემოწმების ფარგლებს. 


აღნიშნული პრაქტიკის გახშირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ ზედაპირული შემოწმების, პირადი ჩხრეკის და პირის იდენტიფიკაციის პროცედურებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს: 


  • ზედაპირული შემოწმება 


პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.


ამ შემთხვევაში პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.


ხოლო აღნიშნული ღონისძიების ჩატარების შემდეგ, უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც მიეთითება ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. პირს უფლება აქვს ოქმში შეიტანოს შენიშვნა. პირს ასევე უფლება აქვს უარი თქვას ოქმზე ხელის მოწერაზე, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 


ჩანთის გახსნა, ჩანთის გახსნის მოთხოვნა, ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბეების ამოტრიალების მოთხოვნა სცდება ზედაპირული შემოწმების ფაგლებს. 


  • პირადი ჩხრეკა 


ზედაპირული შემოწმება შეიძლება გადაიზარდოს პირად ჩხრეკაში, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 


ზედაპირული შემოწმება შეიძლება გადაიზარდოს პირად ჩხრეკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა დასაბუთებული ვარაუდი რომ პირს იარაღი, აკრძალული ნივთიერება ან საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება აქვს.


ასეთ შემთხვევაში პირს უნდა ეცნობოს, რომ  მის მიმართ ხორციელდება პირადი ჩხრეკა და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით გადასცეს ამოსაღები საგანი. პირადი ჩხრეკის კანონიერება უნდა შემოწმდეს სასამართლოს მიერ. 


  • პირის იდენტიფიკაცია


პირის იდენტიფიკაციისთვის, პოლიციელმა თავდაპირველად პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან უნდა დაადგინოს: გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.


მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ვინაობის დადგენა თავად ამ პირისგან ვერ ხერხდება ან/და არსებობს ვარაუდი, რომ პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ ასახავს ვინაობას, პოლიციას შეუძლია გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სხვა ზომები:


ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;


ბ) ფოტოსურათის გადაღება;


გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;


დ) სიმაღლის გაზომვა;


ე) ხმის ჩაწერა;


ვ) მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება;


ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.


პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შესაბამისი ჩანაწერი კეთდება. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც მან ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.


ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები გამოყენებული უნდა იყოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამისაგან განსხვავებით, შსს მათ რუტინულად, დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით  იყენებს.

სხვა სიახლეები