GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 ივნისი, 202412:04

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა სპეციალური ანგარიში: “საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ”.

ანგარიშში მიმოხილულია კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ის ძალადობრივი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში. ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს: შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემურ ძალადობას; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისებას; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინებას, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ:

I. ფიზიკური ხელშეუხებლობა: გამოიკვეთა კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა30 და მესამე პირების (ტიტუშკების რეიდები) მხრიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

II. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება: რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე მიმდინარე აქციებზე საპოლიციო ღონისძიებები, უმეტესად, არ ატარებდა კანონიერ და პროპორციულ სახეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

III. გამოხატვის თავისუფლება: მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია რუსული კანონის ინიცირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

IV. თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება: 2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საიას ინფორმაციით, დაახლოებით 210-მდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. სისხლის სამართალწარმოება: საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე და, სულ, დაკავებულია 8 პირი. მიმდინარე გამოძიებების და დაკავებების კვალდაკვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქციის მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარებას. ამ მასშტაბით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარება იწვევს ეჭვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვის სახით კიდევ ერთ სისხლის სამართლებრივ მექანიზმს იყენებს დემონსტრანტების დასაშინებლად. აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართალწარმოება შეიძლება მიზნად ისახავდეს საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას.

V. რეპრესიების სხვა მეთოდები: გარდა ფიზიკური ძალადობისა, გამოიკვეთა დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების დაშინებისა და მუქარის არაერთი შემთხვევა, რაც რუსული კანონის თაობაზე მათ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდა. 2024 წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად, ნათელი გახდა, რომ რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ და, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შემწყნარებლური პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ მიერ არის მხარდაჭერილი. მაგალითად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე უშედეგო გამოძიების გარდა, ასევე საგანგაშოა ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია, რომელმაც სატელეფონო ზარების, როგორც რეპრესიის ერთ-ერთი ფორმის, საქმეების შესწავლა ისე დაასრულა (და მასზე რეაგირება საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებად შეაფასა), რომ არ გამოუკვლევია, მოხდა თუ არა ამ მონაცემების მოპოვება სახელმწიფო ბაზაზე წვდომის შედეგად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და დაზარალებული პირების დაცვას. საია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოავლენს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

სხვა სიახლეები