GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 ოქტომბერი, 2014

საიას  დახმარებით  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილებები სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი

საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ბ.გ.-ს, რომელიც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ კანონდარღვევით არ აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად და მის ნაცვლად საბჭომ უმრავლესობის კანდიდატები დაამტკიცა. ბ.გ.-მ საიას აჭარის ფილიალის დახმარებით სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და საბჭოს დაავალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად ბ.გ.-ს წარდგენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საკასაციო  ინსტანციის სასამართლოს მიერ. 
 
საიას დახმარებით მოქალაქეებს დევნილის სტატუსი მიენიჭათ
 
საიას გორის ოფისი ადმინისტრაციული წარმოებისას იცავდა ლ.ვ-ს, გ.რ-ს და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ისინი  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ცხოვრობდნენ . 2013  წლის მაისში მათ სოფლებში რუსმა სამხედროებმა  მავთუხლართები გაავლეს. შესაბამისად, მათ საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობაარ ეძლევათ. აღნიშნულმა პირებმა, საიას გორის ოფისის ადვოკატის დახმარებით, განცხადებით მიმართეს სამინისტროს, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა.
 
საიას  დახმარებით  უცხოელი  მოქალაქის  მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა
 
საიას ოზურგეთის ოფისი იცავდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის  ს.ი.-ს ინტერესებს  სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას ხელჩანთაში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება-კოდეინის შემცველი პრეპარატი. ს.ი.-ს მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გატანის ფაქტზე. საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით საქმის გამოძიების ეტაპზე წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა, რომ მას სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, სამკურნალოდ ჰქონდა დანიშნული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი. კერძოდ, ს.ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტორია და ასევე მისი მკურნალი ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ი.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა იმ საფუძვლით, რომ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა  .
 
საიას ოზურგეთის ოფისის  დახმარებით ყოფილი მოხელეები თანამდებობებზე აღადგინეს
 
საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში იცავდა გ.შ.-ს ინტერესებს, რომელიც ოზურგეთის გამგებლის 2013 წლის 1 მაისის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა  გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გააუქმა გ.შ.-ს განთავისუფლების შესახებ ბრძანება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიეღო ახალი გადაწყვეტილება. გამგეობამ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით გ.შ. დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლად იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში.
 
საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში იცავდა  შ.ბ-ს ინტერესებს, რომელიც ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლომ გააუქმა შ.ბ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილი იქნა თანამდებობაზე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის სასარგებლოდ, იძულებით გაცდენილი 3 თვის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
 

მოქალაქეებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურდათ
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა  ექიმების ი.ს.-ს და ნ.შ.-ს ინტერესებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულნი იყვნენ შ.პ.ს „ადითის“ ქარელის ფილიალში. წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მათ სარჩელი აღძრეს დამსაქმებლის წინააღმდეგ. საიას დახმარებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.  მოპასუხე  შ.პ.ს. „ადითს“, მოსარჩელე ი.ს-ს  სასარგებლოდ  სახელფასო დავალიანების  9177 ლარის, ხოლო ნ.შ-ს სასარგებლოდ  6417 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო  ინსტანციის სასამართლოს მიერაც. 
 
საიას დახმარებით მოქალაქეს კონკურსში ხელახლა მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა
 
საიას ოზურგეთის ოფისის ადვოკატი სასამართლოში იცავდა მ.ს.-ს ინტერესებს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მ.ს.-ს კანდიდატურა ვაკანტურ ადგილზე არ იქნა წარდგენილი. საიას ოზურგეთის ოფისის  დახმარებით მ.ს.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი კონკურსის ჩატარების მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ.ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მ.ს.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ხელახალი კონკურსის ჩატარება გასაუბრების ეტაპიდან.
 
საიას დახმარებით  შშმ  პირი სამკვიდროს მიღებას შეძლებს
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა  ც.ს.-ის ინტერესებს, რომელსაც ნოტარიუსის მიერ, გარდაცვლილი დედის ქონებაზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა.  იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. ც.ს.-მ საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით განცხადებით მიმართა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი განცხადება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ც.ს. შეძლებს სამკვიდრო ქონების მიღებას და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მის რეგისტრაციას.

საიას დახმარებით კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდგინდა მამობა
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ნ.ხ.-ს ინტერესებს, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა  გ.დ.-სთან.  ნ.ხ.-ს მეუღლე ისე  გარდაიცვალა, რომ მათ ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოასწრეს. მეუღლის გარდაცვალებისას ნ.ხ. ოთხი თვის ფეხმძიმედ იყო. 2014 წლის 25 მარტს მას შეეძინა შვილი გ.გ. რომლის დაბადების მოწმობაში ბავშვის  გვარად  დედის გვარი მიეთითა. საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით ნ.ხ.-მ  სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა  არასრულწლოვან გ.გ.-ს მამად ცნობილიყო  აწ.გარდაცვლილი გ.დ. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ხ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა და არასრულწლოვანს მამობა დაუდგინდა.
 
სასამართლო გადაწყვეტილებით  მამას აეკრძალა  არასრუწლოვანი შვილისთვის  სახელმწიფოს მიერ დევნილთათვის დროებით საცხოვრებლად გადაცემულ  ფართში ცხოვრების ხელის შეშლა
 
საიას გორის ოფისის ადვოკატი სასამართლოში იცავდა არასრულწლოვანი დევნილის  ნ.მ.-ს ინტერესებს, რომელსაც მამა პ.მ. ხელს უშლიდა სახელმწიფოს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემული კოტეჯის ფლობასა და სარგებლობაში. საიას გორის ოფისის დახმარებით არასრულწლოვნის დედამ , ნ.ყ-მ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს პ.მ.-ს მიმართ და მოითხოვა  უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ყ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და პ.მ. ვეღარ შეუშლის ხელს შვილს იცხოვროს სახელმწიფოს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ  კოტეჯში.
საიას  დახმარებით მ. ყ.-ს ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრა
 
2014  წლის 13 სექტემბერს, ქ. თბილისში საზოგადოებრივი გაერთიანება ,,პარტიზანი მებაღეები“ მართავდნენ აქციას და აპროტესტებდნენ ჭოველიძის და გუნიას ქუჩის კუთხეში შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. აქციის მიმდინარეობისას პოლიციის პატრულის თანამშრომლებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მ.ყ.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ყ. სამართალდამრღვევად მიიჩნია, თუმცა ადვოკატის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადმინისტრაციული სახდელი არ დააკისრა. 
 

სხვა სიახლეები