სიახლეები
გავრცელებული ინფორმაციით რეგიონული ტელევიზია „დიას“ ათმა თანამშრომელმა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი) დატოვა სამსახური ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო.
ტელეკომპანია „დიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის საიას მიმართეს. ტელეკომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული კონტრაქტის შინაარსის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ის შეიცავს შრომის პირობებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში შრომის კოდექსთან წინააღმდეგობაშია და დასაქმებულს დამსაქმებელთან არათანაბარ პირობებში აყენებს. მათ შორის, ხელშეკრულება არ ადგენს დამსაქმებლის უფლებებს, ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო სათანადო ანაზღაურების გარეშე, ტელეკომპანიიდან თანამშრომლის წასვლიდან 3 წლის განმავლობაში კრძალავს კონკურენტ ორგანიზაციაში მუშაობას და სხვა.
როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა, მაია ტატულაშვილმა საინფორმაციო პორტალს “მედია.გე” განუმარტა, წარმოდგენილი ხელშეკრულება იყო სამუშაო ვერსია, რომელიც უნდა დახვეწილიყო . თუმცა, ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლები, 2014 წლის 22 სექტემბერს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მიუთითებენ, რომ ტელეკომპანიამ უარი განაცხადა შეთავაზებული ხელშეკრულების პირობების რაიმე ცვლილებაზე. ჟურნალისტები ასევე მიუთითებენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტებზეც.
შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი ითვალისწინებს დამოუკიდებელი მაუწყებლობის უზრუნველყოფას. ამ კანონის საფუძველზე მიღებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილია მაუწყებლობის ძირითადი პრინციპები, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპი, რომელიც მათ შორის, გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და უფლება, საკუთარი სინდისისა და დამკვიდრებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.
მაუწყებლობის განხორციელების ძირითადი საკანონმდებლო და საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებრივი ისე კერძო მაუწყებლობა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს. ამისათვის აუცილებელია შესაბამის სამაუწყებლო კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტები და ჟურნალისტთან გათანაბრებული სხვა თანამშრომლები სარგებლობდნენ შრომის კანონიერი პირობებით და სათანადო სარედაქციო დამოუკიდებლობით.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია „დიას“ ხელმძღვანელებს ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შრომით ურთიერთობებში იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებით და საზოგადოების ინტერესების შესაბამისი მაუწყებლობის სავალდებულო პრინციპებით.
გააზიარე: