GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

01 აპრილი, 2019

2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვისათვის და რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში - მხოლოდ კლინიკური დასკვნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით[1] განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი პორტატული ნარკოტესტერის მეშვეობით უზრუნველყოფს პირის შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, პოლიციელი უფლებამოსილია, მძღოლი წარადგინოს კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევისთვის (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნულ დეპარტამენტში გამოკვლევის ჩატარება ხდება ბიოლოგიური მასალის ნერწყვის გამოკვლევით.

ხაზგასასმელია, რომ თუ მძღოლი უარს აცხადებს ნარკოტესტერის მეშვეობით შემოწმებაზე, პოლიციელი მძღოლს წარადგენს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების/სიმთვრალის დასადგენად, ხოლო თუ მძღოლი უარს იტყვის ნარკოტესტერის  შემდგომ კლინიკურ ან/და ლაბორტორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევაზე,  ნარკოტესტირების დადებითი პასუხი მიიჩნევა კლინიკური სიმთვრალის დამადასტურებელ ფაქტად/დასკვნად.

ბრძანების მიხედვით, მძღოლს უფლება აქვს მოითხოვოს, საკუთარი ხარჯით, ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით 1 თვის განმავლობაში ბიოლოგიური მასალის (ნერწყვის) საკონტროლო ულუფის შენახვა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი და მინისტრების ერთობლივი ბრძანება არ ითვალისწინებს კონკრეტულ განსაზღვრებას, თუ როგორ უნდა მოხდეს თავად პორტატული ნარკოტესტერის მეშვეობით პირის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიჩნევა. მაგალითისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს, თუ რა ჩაითვლება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად, რაც წარმოადგენს  მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობას. როდესაც ქმედება ითვალისწინებს სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობას, კანონმდებელი ვალდებულია, განსაკუთრებული სიზუსტით განსაზღვროს, თუ რა შემთხვევაში შეიზღუდება ადამიანის უფლება. პირმა უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.[2] აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს კრიტერიუმები მითითებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისევე, როგორც ეს არის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილით, რადგან ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსით.

ასევე, საია კანონპროექტის განხილვის პროცესში აღნიშნავდა, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, არის ზიანის მომტანი, ისევე, როგორც ალკოჰოლური თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისას. სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რომელი ნივთიერება უფრო მეტად მავნებელი შეიძლება იყოს მოცემულ დროს, თუმცა გადაწყვეტილების ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარეობს, რომ დაუშვებელია ამ კუთხით განსხვავებული მიდგომის დაწესება და ვფიქრობთ, რომ როგორც ალკოჰოლის, ისევე მარიხუანას შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პასუხისმგებლობის ერთი და იგივე სახე, ხოლო იქნება ეს სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი - ამის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება კანონმდებელს გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შეფასების განჭვრეტადი კრიტერიუმები ისე, როგორც ეს არის განსაზღვრული ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობის შემოწმებისას.

 


[1] „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 30

სხვა სიახლეები