GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 მარტი, 202417:14

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების და  საგამოძიებო მედია ორგანიზაციებს (მათ შორის, ინდივიდუალურ ჟურნალისტებს) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  

საგრანტო კონკურსი ცხადდება „პური მსოფლიოსათვის-პროტესტანტული განვითარების სამსახურის” მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვა საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით“, ფარგლებში.

წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

- ნათლად უნდა ჩანდეს, თუ როგორ შეუწყობს ხელს წარმოდგენილი პროექტი ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევის/გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მათ გადასაჭრელად წარმატებული ადვოკატირების კამპანიის/კამპანიების წარმოებას, ჟურნალისტური გამოძიების მეშვეობით ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას. 

- ნათლად უნდა იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა; 

- ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განმცხადებელ პირს ესმის, რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;

-  საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა უნდა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული;

-  დათვლილი უნდა იყოს რამდენი ბენეფიციარი მიიღებს სარგებელს კონკრეტული პროექტის განხორციელების შედეგად; 

- გაანალიზებული უნდა იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/ პრევენციის მეთოდები;

- უნდა იყოს ხარჯთეფექტური და თან უნდა ერთვოდეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა;

- პროექტის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს 20% - ს;

პროექტის განმახორციელებელი პირი მზად უნდა იყოს საკუთარი ან დონორებისგან მოზიდული სახსრებით დააფინანსოს დამტკიცებული ბიუჯეტის 11.67% - ის ოდენობა.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ:  

- რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას; 

- განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს და სხვა;

- ჰუმანიტარულ საქმიანობას.

 

გრანტების გაცემა

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 3 პროექტისა. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 12,000  ევროს. ვალუტის კურსი განისაზღვრება გადარიცხვის დროს ფორმირებული სპეციალური კურსით. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.  

საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს არაუმეტეს 3 პროექტისა  ან არ დააფინანსოს არცერთი.  

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების და საგამოძიებო მედია ორგანიზაციებს(მათ შორის, ინდივიდუალურ ჟურნალისტებს), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:  

 

1. საქმიანობენ საქართველოში, ამასთანავე კარგად იცნობენ საპროექტო თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს(მოეთხოვება  როგორც ორგანიზაციებს,  ასევე ინდივიდუალურ  ჟურნალისტებს); 

2.  აქვთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება(მოეთხოვება როგორც ორგანიზაციებს, ასევე ინდივიდუალურ  ჟურნალისტებს);

3. აქვთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან(მოეთხოვება  ორგანიზაციებს);

4. არ აქვთ დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე,  არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე;

5. პროექტზე მომუშავე პირის(პირების)კომპეტენცია შეესაბამება განსახორციელებელი პროექტის სირთულეს(მოეთხოვება როგორც ორგანიზაციებს, ასევე ინდივიდუალურ  ჟურნალისტებს);

6.  არ უნდა ასოცირდებოდნენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან(მოეთხოვება როგორც ორგანიზაციებს, ასევე ინდივიდუალურ  ჟურნალისტებს); 

7. .თუ განმცხადებელი არის ინდივიდუალური ჟურნალისტი, ის უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი.  

 

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები,  ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება. 

 

საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები

საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება  ელექტრონულ მისამართზე: gyla@gyla.ge. 

გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში აუცილებლად  მიუთითოთ „საგრანტო კონკურსი“.

საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:   

 

1.  საგრანტო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით);

2. ორგანიზაციის წლიური ანგარიში (ფინანსური და ტექნიკური) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;  

3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობებთან ან სახელმწიფო ინსტიტუტებთან  თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები;

4.  ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);  

5.  ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან www.rs.ge);

6. ორგანიზაციის შიდა რეგულაციები(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

7. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს რამდენიმე ორგანიზაცია ერთად წარმოადგენს, საია, იტოვებს უფლებას,  თანდართული დოკუმენტები მოითხოვოს ყველა ორგანიზაციაზე. 

 

წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

-  პროექტის აღწერა (35%)

-  გუნდი (30%)

ხარჯების გონივრულობა (25%)

მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (10%)

წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოსკანონმდებლობა. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში. 

 

საგრანტო პროგრამის ვადები

 

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება

  15.03.2024

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა

  29.03.2024

საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის  ბოლო ვადა 

  05.04.2024

საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

  25.04.2024

გამარჯვებული პროექტების გამოვლენის ბოლო ვადა                                 

  არაუგვიანეს 15.05.2024

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: gyla@gyla.ge. გთხოვთ, ელფოსტის  დასახელებაში მიუთითოთ „შეკითხვა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით“.

 

 

 

 

სხვა სიახლეები