GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 მაისი, 2015
მინდა ვინმეს მაინც გადავცე ის, რაც ჩვენს გარშემო სინამდვილეში ხდება. 
ჩვენ კი არ გვესმის, არ ვხედავთ და არ გვინდა, რომ შევაჩეროთ.
 
 
ეს არ გახლავთ, მხოლოდ ის სოფელი, სადაც  ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, სადაც მხოლოდ ,,ცალსახურავით’’ არის პატარა სახლი გადახურული და სავსეა ხმაურიანი, სასტიკი ისტორიით. სადაც მხოლოდ ერთი დაშლილი ტახტი და  მოგონებებით გაჟღენთილი, სიძველისგან დაღლილი კარადები დგას...
 
ეს ის ადგილია სადაც ქმარმა 29 წლის ცოლს,  8 შვილის დედას, სასიკვდილო ჭრილობა ჯერ ცულით მიაყენა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. 
ეს ის ტახტია, სადაც დედას  პატარა გოგონა დასცქეროდა და ადგომას თხოვდა, ვინაიდან მისი უჩვეულო მდგომარეობა ვერ გაეთავისებინა.  
ეს ის ადგილია, სადაც ქმარმა თავი ჩამოიხრჩო… 
 
რთული  წასაკითხია, არა? 
 
მაგრამ აუცილებლად უნდა გიამბოთ, უნდა ვილაპარაკო არამარტო მე, არამედ ყველამ,  ვისაც ეს თემა აწუხებს ან ჯერ არ აწუხებს. უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა, რომ ასეთი საზარელი ტრაგედიები აღარ ტრიალებდეს და ჩვენც, ჩვენი უმოქმედობით ამ ისტორიების ნაწილი არ გავხდეთ.  
 
ფილმის გადაღებები მაისში დავიწყეთ… მალე დასრულდება და ამბებს თავად მოგიყვებათ… ალბათ დაგროვილ კითხვებსაც გასცემს პასუხს...
 
გადაღებების დროს თითოეული გოგონას დედის, ძმის, მეგობრის, შვილის თვალები არ გამოდის მეხსიერებიდან…
 
არც ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არაერთხელ მიმართეს; არც ის, რომ სოციალური მდგომარეობა არ უწყობდათ ხელს და დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებდნენ;
არც ის, არც ის, არც ის...
 
რა მოხდება ხმა, რომ ამოვიღოთ მაშინ როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტს აქვს ადგილი…
რა მოხდება, რომ დავრეკოთ? 
რა მოხდება, რომ არ მოვითმინოთ? 
არ განვსაჯოთ? 
არ ვთქვათ ჩემი საქმე არ არის?
არ ვთქვათ - ღირსია!
არ ვცემოთ მთელი სოფლის წინაშე;
არ მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე ჩვენი განსჯით;
 
წამოვედით სოფელი ოჩხამურიდან, ჩვენი სტუმრობა ამ სოფელში დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდებათ. ეს ტრაგედიაც კიდევ ერთხელ, ავტომატურად მოკლული ქალების სტატისტიკას მიეთვლება...
 
გავრცელებული ინფორაციის თანახამად 2014 წელს 19 ქალია მოკლული ქმრის, ყოფილი ქმრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.  
 
რა მოხდება ხმა რომ ამოვიღოთ? 
 
ფილმი და კვლევა, რომელსაც საია ამზადებს მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას შორის

  ცნობიერების ამაღლებას ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) პრობლემის სიღრმისეული გააზრებასა და აღმოფხვრას. 
 
 
ნათია ქანთარია 
საიას საზოგადოებასთნ ურთიერთობის მენეჯერი
 
 

სხვა სიახლეები