GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 აპრილი, 202120:13

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და დაუშვებლად მივიჩნევთ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულვებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას. 

ამ დროისთვის, რიონის ხეობაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა. კომპანია “ენკამ” განაახლა ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები. პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა პროტესტს  სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევს  რიონის ხეობის მცველების სამართლებრივ წარმომადგენლებს. ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია პროტესტის 2 მონაწილე. 

საპოლიციო ძალების მასობრივ მობილიზებასა და სამუშაოების განახლებას წინ უსწრებდა დღეს ნამახვანი ჰესის პროექტის ახალი მენეჯერის, მერაბ ლომინაძის, სოფელ ნამოხვანში პოლიციის თანხლებით ჩასვლა. გარდა იმისა, რომ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით განახლდა, რაც ამ დრომდე გრძელდება, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ასევე დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობისადმი საჯაროდ მიცემული პირობა, რაც ყველა შეკითხვასა და წუხილზე პასუხის გაცემის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განახლებას გამორიცხავდა. სახელმწიფო არ ელოდება არც ამ საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვას. 

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს.  

ხეობის მცველების მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის მთავარ მოთხოვნად რჩება ნამახვანჰესის პროექტის, მათ შორის, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე განმარტებების მოსმენა პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების მხრიდან. თუმცა, ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს ამგვარ დიალოგზე და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს ჰესის მშენებლობის პროცესი. 

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ საჯარო მდგრადი ინტერესების და სიკეთეების დაცვაზე ორიენტირებული მოდერატორის როლი იკისროს, რაც სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარეობს, სახელისუფლებო აპარატი დღეს სრულად კერძო ინტერესის მხარეს დგება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო.   

ასევე, სრულად ვიზიარებთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას და დაუშვებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს მცდელობას, მიმდინარე მოვლენები მოსახლეობასა და მშენებელ კომპანიას შორის არსებულ დაპირისპირებად წარმოაჩინოს და ამით თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

რიონის ხეობაში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, მოვუწოდებთ: 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა;

საქართველოს მთავრობას:

- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;  

- პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე; 

საქართველოს სახალხო დამცველს: 

- შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.  

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

 

მწვანე ალტერნატივა

 

 

 

სხვა სიახლეები