სიახლეები

2026 წლის ოქტომბერში გავრცელებული ბრალდებები პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირ გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის, ასევე, ამ და სხვა პირების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, საჭიროებს ეფექტიან, დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას. ჩატარებული გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს აძლიერებს ბოლო წლებში სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გახმაურებული შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება¹ და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუარესება.²
იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, თავისთავად, არ იძლევა სექსუალური ძალადობის ფაქტის გამორიცხვის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი და კატეგორიული განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მიმდინარე გამოძიების დროს გაკეთებული ეს განცხადებები და მათ შემდგომ, მალევე გამოძიების დასრულება საზოგადოებაში აჩენს დამატებით კითხვებს და საფუძვლიან ეჭვს გამოძიების მიუკერძოებლობასა და სანდოობაზე.
საია, გიორგი დავითაძის საქმის ობიექტური დოკუმენტირებისა და შეფასების მიზნით, ამ ფაქტის გახმაურებიდან პირველივე დღეებში აგროვებდა მონაცემებს. ამ პროცესში საიას მეთოდოლოგია ეფუძნებოდა ინფორმაციის ღია წყაროებთან მუშაობის ეთიკურ პრინციპებს „ბერკლის პროტოკოლის“ შესაბამისად, ასევე, „სტამბოლის პროტოკოლს“ - წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოს. ფაქტის დოკუმენტირების მიზნით, 2026 წლის 7 ოქტომბერს საია უშუალოდ შეხვდა პატიმარ გიორგი დავითაძეს. მანამდე, 6 ოქტომბერს, საიას ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასევე შეხვდა საბა სხვიტარიძეს, რომლის ინტერესებსაც ორგანიზაცია წამების სხვა საქმეზე იცავს.
საგანგაშოა, რომ 7 ოქტომბერს გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდგომ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას საიას ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება, რაც საადვოკატო და ორგანიზაციის უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში ჩარევაა.³ საიას ადვოკატი დამატებით 12 ოქტომბერსაც იმყოფებოდა გ. დავითაძის მოსანახულებლად.
საყურადღებოა, რომ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემეგ, არაერთმა პატიმარმა გაავრცელა ინფორმაცია მათ მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ (იხილეთ თავი 2). გავრცელებულ ბრალდებათა ნაწილი გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო სხვა პატიმრების დასჯას ეხება, ხოლო ნაწილი ძალადობის ისეთ შემთხვევებს აღწერს, რომელიც გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის ინცინდენტთან კავშირში არ არის. აღნიშნულის შესახებ Amnesty International-მა და საიამ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
2026 წლის 2 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც იგი N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გიორგი დავითაძის თქმით, მას დეესკალაციის ოთახში დამამცირებლად მოეპყრნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გააუპატიურეს.⁴
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით“,⁵ - განაცხადა გიორგი დავითაძემ.
გიორგი დავითაძის ოჯახი ძალადობაზე მანამდეც საუბრობდა. მათ 2026 წლის 21 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს.⁶
პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტებს უარყოფს. სამსახურმა გაავრცელა დეესკალაციის საკანში დავითაძის მოთავსების კადრები.⁷ სამსახურის განცხადებით, იგი 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს, რა დროსაც მან უარი განაცხადა შემოწმება-დათვალიერებაზე და დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამსახურის განცხადებით, ამის შემდეგ მას იძულებით ჩაუტარეს შემოწმება სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.⁸
2026 წლის 7 და 12 ოქტომბერს საიას ადვოკატი გიორგი დავითაძეს პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის დოკუმენტირებისა და შესწავლის მიზნით. ადვოკატთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ ისაუბრა როგორც თანამშრომელთა მხრიდან მოპყრობაზე, ისე დეესკალაციის საკანში არსებულ პირობებზე. მისი განცხადებით:
2026 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა იფორმაცია გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიების დასრულების შესახებ.9 პროკურატურის განცხადებით დადგინდა, რომ გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია (გამოძიების შესახებ იხილეთ ქვემოთ).10
გამოძიებიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება 2026 წლის 22 ოქტომბერს გაასაჩივრა გიორგი დავითაძის უფლებადამცველმა ადვოკატმა. საჩივარით, ადვოკატი პროკურატურას აწვდის ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებული ახალი მტკიცებულების შესახებ, ითხოვს: გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიების განახლებას, საკვანძო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, გიორგი დავითაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიების დაწყებასა და გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობას.
საია ქრონოლოგიურად გთავაზობთ მოვლენებს, რომლებიც გიორგი დავითაძემ შეხვედრისას აღწერა:
გიორგი დავითაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მის მიმართ სხვადასხვა სახის პროვოკაციას მიმართავდნენ.
გიორგი დავითაძემ პროვოკაციული და დამამცირებელი მოპყრობის კონკრეტული შემთხვევებიც აღწერა. მისი განცხადებით, საბანაოდ გაყვანისას, ბანაობის პროცესში მას წყალს უთიშავდნენ. გარდა ამისა, ერთხელ იგი თმის გადასაპარსად გაიყვანეს, თუმცა მხოლოდ თავის ნახევარი გადაპარსეს. მისი თქმით, ასეთ ქმედებებს მისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვებოდა, რაც გინებაში გამოიხატებოდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები მას გაფრთხილებას აძლევდნენ.
გიორგი დავითაძის განცხადებით, გასული წლის ზამთრის განმავლობაში მის საკანში გათბობა არ მუშაობდა, რის გამოც, რამდენიმე მაისურის, შარვლისა და წინდის ერთდროულად ჩაცმა უწევდა.
მისი მონათხრობის თანახმად, ექიმთან გაყვანისას შენიშნა, რომ ექიმის კაბინეტთან მილში გათბობა ჩართული იყო, შესაბამისად, იკითხა, რატომ იყო გათბობა იქ, მაშინ, როდესაც მის საკანში არ მუშაობდა. მისი თქმით, ამ კითხვაზე უპასუხეს: „შენ ვინ გეკითხება?“ მას შემდეგ, რაც მიუთითა, რომ მის საკანში გათბობა არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გიორგი დავითაძის განცხადებით, მანაც გინებით უპასუხა.
გიორგი დავითაძის განცხადებით, ექიმის კაბინეტში მომხდარი ეპიზოდიდან რამდენიმე დღეში მის საკანთან ბადრაგის ხუთი-ექვსი თანამშრომელი მივიდა. მათ განუცხადეს, რომ შემოწმება უნდა ჩაეტარებინათ. დავითაძის თქმით, იგი საკნიდან ჩვეულებრივად გამოვიდა და აგრესია არ გამოუვლენია.
მისი მონათხრობის თანახმად, თანამშრომლები საკანში შევიდნენ და დაათვალიერეს. თავად გიორგი დავითაძე ამ დროს საკნის გარეთ, კედელთან იდგა. მისი თქმით, გაჩხრიკეს და შეამოწმეს, მათ შორის, დეტექტორის გამოყენებით, თუმცა არაფერი აღმოუჩენიათ. ამის შემდეგ ის საკანში დააბრუნეს.
გიორგი დავითაძე აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი-ორი წუთის შემდეგ თანამშრომლები კვლავ შევიდნენ მასთან და უთხრეს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაჰყავდათ. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და მიუთითა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საფუძველი არ არსებობდა. იგი ადასტურებს, რომ სიტყვიერად შეეწინააღმდეგა თანამშრომლებს. თუმცა, მისი თქმით, ფიზიკურად არავის შეხებია და არც ამის მცდელობა ჰქონია, ვინაიდან მისთვის შეცნობადია, რომ ეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრას გამოიწვევდა. ამიტომაც, პატიმრის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას, ან მასში ჩაბმას ის მუდმივად ემიჯნება.
როგორც გიორგი დავითაძე იხსენებს, დეესკალაციის ოთახამდე 10-15 წუთის განმავლობაში მშვიდად მიჰყვებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დროის ამ მონაკვეთში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა, ამჩნევდა, რომ გზად მისი გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობა იზრდებოდა, რაც საეჭვოდ მიიჩნია.
მისი თქმით, ჯიხურის გავლის შემდეგ იქ ბადრაგის ათეულობით თანამშრომელი დახვდა, რომლებიც მას, მის დედას, ოჯახის წევრებსა და შვილებს აგინებდნენ და ეუბნებოდნენ: „გაგაფუჭებთ“. გიორგი დავითაძე აღნიშნავს, რომ ცდილობდა, ფიზიკურად არავის შეჰხებოდა, რათა მისთვის დამატებითი ბრალდება არ წარედგინათ.
გიორგი დავითაძის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში შესვლის შემდეგ მან პენიტენციურის თანამშრომლებს აგინა (იმ გინებების საპასუხოდ, რომლებიც ოთახში შემოყვანამდე გამოატარეს), რის შემდეგაც ბადრაგები ოთახში შევიდნენ. მისი განმარტებით, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოკადრებში სწორედ ამ ეტაპზე განვითარებული მოვლენებია ასახული.
გიორგი დავითაძის თქმით, თანამშრომლებმა იგი გააკავეს და თითით გააუპატიურეს. იგი ასახელებს გიორგი კვარაცხელიას და აცხადებს, რომ მას ხელზე რეზინის ხელთათმანი ეკეთა. დავითაძის განცხადებით, მან იგრძნო, რომ აღნიშნული ქმედება ხელთათმანიანი ხელით განხორციელდა, რის შემდეგაც თანამშრომელმა ხელი მასვე შეაწმინდა. დავითაძის განმარტებით, საკანში არსებული სიცივის გამო, მას რამდენიმე შარვალი და ტრუსი ეცვა, ამიტომ რთულად ჩაუყვეს ხელი შარვალში, რის შემდგომაც ხელის შემოტრიალება და ტკივილი იგრძნო.
მისივე თქმით, ამის შემდგომ თანამშრომლები დეტექტორის აპარატით ცდილობდნენ მისი საჯდომის არეზე ზემოქმედებას. იმავდროულად, რამდენიმე ბადრაგი ყურში ეუბნებოდა: „მოტ*ნული ხარ“, „გაფუჭებული ხარ“ და შვილებს აგინებდა.
გიორგი დავითაძის განცხადებით, ამ ქმედებების დასრულების შემდეგ თანამშრომლები ოთახიდან გავიდნენ, რის შემდეგაც მათ კვლავ აგინა.
გიორგი დავითაძის განცხადებით, დეესკალაციის საკანში ორი დღის განმავლობაში სავენტილაციო სისტემიდან ცივ ჰაერს უშვებდნენ. სიცივისგან თავის დასაცავად გიორგი დავითაძემ ლეიბი საწოლიდან იატაკზე გადაიტანა და იქ განთავსდა, ვინაიდან ვენტილაციის მილი საწოლის მიმართულებით უბერავდა. მისი თქმით, ციხის თანამშრომლები არ რთავდნენ გათბობას და განზრახ ჩართეს კონდიცირება. იგი ჯანმრთელობის დაზიანებას საკანში არსებულ სიცივეს უკავშირებს.
მისი მონათხრობის თანახმად, სავარაუდო ძალადობის მომდევნო დღეს მას ესაუბრა ბადრაგი, რომელსაც „თენგოს“ სახელით მოიხსენიებს. მან გიორგი დავითაძეს უთხრა, რომ მომხდარი მათ შორის უნდა დარჩენილიყო და შეენახათ, ასევე, განუცხადა: „გარედან და ზემოდან მოგიკითხეს“.
გიორგი დავითაძემ ეს საუბარი ადმინისტრაციასთან ფარული თანამშრომლობის, მისივე სიტყვებით, „აგენტურული საქმიანობის“ შეთავაზებად აღიქვა. მოკითხვის ეპიზოდს კი წარსულში მასსა და შსს-ს თანამშრომელს შორის მომხდარს უკავშირებს.
გიორგი დავითაძის განცხადებით, მესამე დღეს იგი დეესკალაციის ოთახიდან ზემოთ მდებარე საკანში გადაიყვანეს. მან სატელეფონო ზარის განხორციელება მოითხოვა, თუმცა უთხრეს, რომ დარეკვა აკრძალული ჰქონდა.
მისი თქმით, მან იცოდა, რომ აკრძალვის მიუხედავად ჰქონდა სახალხო დამცველთან ზარის უფლება, რის გამოც განმეორებით მოითხოვა სახალხო დამცველთან დაკავშირება. იგი ტელეფონთან მიიყვანეს, რომელიც არ მუშაობდა და, ამის გამო, დასცინოდნენ. მას არც სახალხო დამცველთან დარეკვის შესაძლებლობა მისცეს.
მისი მონათხრობის თანახმად, მომდევნო დღეს მამას წერილი გაუგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მამამ წერილი მიიღო, მასთან ადვოკატი შევიდა. გიორგი დავითაძის თქმით, ადვოკატმა უთხრა, რომ მომხდარის შესახებ სახალხო დამცველს აცნობებდა.
ადვოკატის გასვლის შემდეგ, დაახლოებით ღამის 11 საათზე, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა. მისი თქმით, თავდაპირველად არ დაიჯერა, რომ მისული პირი სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო. რადგან მას ბოლომდე არ ენდობოდა, მომხდართან დაკავშირებით აცნობა, რომ მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განხორციელდა, უთხრა, რომ საცვალში ხელი ჩაუყვეს და შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა.
გიორგი დავითაძის განცხადებით, მომდევნო დღეს მასთან ადვოკატი გამომძიებელთან ერთად შევიდა და მან მომხდარი დეტალურად აღწერა.
მისი თქმით, შეხვედრის მიმდინარეობისას ოთახის კარი ბადრაგმა „თენგომ“ შემოაღო და კართან დადგა. გიორგი დავითაძემ ეს ქმედება დაშინების მცდელობად აღიქვა და იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ სწორედ ეს იყო თანამშრომელი, რომელზეც მანამდე, დეესკალაციის ოთახში მომხდარ ინციდენტთან მიმართებით საუბრობდა.
გიორგი დავითაძის მონათხრობის თანახმად, თანამშრომელმა ოთახიდან გასვლა დააპირა, თუმცა მას ვინაობა ათქმევინეს, რაც გამომძიებელმა ჩაინიშნა.
გიორგი დავითაძემ საიას ადვოკატთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც ისაუბრა, რაც ზამთარში საკანში გათიშულ გათბობასა და დეესკალაციის ოთახში არსებულ სიცივეს დაუკავშირა. მან ასევე მიუთითა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზეც და საკუთარი მდგომარეობა აღწერა სიტყვებით: „დანგრეული ვარ ჯანმრთელობის ამბავში“.
მისი თქმით, გასულ წელს მომხდარი სავარაუდო ძალადობის შემდეგ ხედავდა, რომ გამოძიება ჭიანურდებოდა. პარალელურად, ციხის თანამშრომლები შეხვედრისას ეუბნებოდნენ: „მოტ*ნული ხარ“, „ქათამი ხარ“ და ამცირებდნენ სხვადასხვა მეთოდით.
გიორგი დავითაძის განცხადებით, ამგვარი მოპყრობის ატანა აღარ შეეძლო და ერთ დღეს, საკანში დაბრუნებულმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა დროულად მიუსწრეს. მისი თქმით, ამის შემდეგ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა და სარკეში რომ ჩაიხედა, სახეზე კაპილარები დამსკდარი ჰქონდა.
გიორგი დავითაძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრების მხრიდან მის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა მოჰყვა. სასეირნო სივრციდან და საკნების ფანჯრებიდან ისინი მას მხარდაჭერას უცხადებდნენ. პატიმართა ნაწილმა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დასჯის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.
დავითაძის თქმით, თავად დაინახა, როგორ მიათრევდნენ და სცემდნენ არაერთ პატიმარს. იგი ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა პატიმართა ცემისა და ძალადობის ხმები დაწესებულების სხვადასხვა მხრიდან. დავითაძის თქმით, მისი მხარდაჭერის გამო, ათეულობით პატიმარი მე-6 დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, პატიმრების ნაწილი კი ჩაიყვანეს დეესკალაციის ოთახებში.
გიორგი დავითაძის განცხადებით, სწორედ სხვა პატიმრების ცემის ხმების გაგონების შემდეგ გადაყლაპა რამდენიმე მცირე ზომის საგანი პროტესტის ნიშნად და უარი განაცხადა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე.¹¹ მისი განმარტებით, ამ ქმედებით სურდა, მხარდაჭერა გამოეხატა იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც სცემდნენ და აგინებდნენ. სავარაუდოდ ნაცემ და ნაგინებ პირებს შორის იგი ასახელებს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის, გელა ისაშვილს, ვინმე მინასოვს, ბექა შენგელიას, ლაშა ჩაჩანიძეს. ჩაჩანიძის სავარაუდო ცემის შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებითაც გავრცელდა (მასზე ინფორმაცია ქვემოთ არის მოცემული). გიორგი დავითაძის განცხადებით, თანამშრომლები პატიმრებთან შედიან და პროვოკაციებს უწყობენ, ხოლო ყველა პატიმარი, რომელიც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, რაღაც ფორმის რეპრესიას აწყდება.
საპასუხოდ, 2026 წლის 5 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის, არამედ დაწესებულების თანამშრომელზე თავდასხმის გამო და გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ სცემენ დაწესებულების თანამშრომლებს თავისუფლებააღკვეთილი პირები.¹²
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 7 ოქტომბერს გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდგომ, პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას, საიას ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება, რაც საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევაა.¹³
2026 წლის 8 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები გაიგივებულია მსჯავრდებულის/ბრალდებულის კორესპონდენციასთან, მიმოხილულია კორესპონდენციის გაგზავნასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები და ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდადებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი“.¹⁴
2026 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ადვოკატის მხრიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრისას შექმნილი ჩანაწერი არ წარმოადგენს პატიმრის კორესპონდენციას, არამედ არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორესპონდენცია. ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან“.¹⁵
საიას ადვოკატთან შეხვედრისას პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ არასათანადო პირობებზე, მათ შორის, ანტისანიტარიაზე საბა სხვიტარიძემაც ისაუბრა. ეს გარემოებები საიას მანამდეც აქვს დოკუმენტირებული:¹⁶
2026 წლის 5 ოქტომბერს საბა სხვიტარიძის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია N6 დაწესებულებაში პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყების, მათზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის და თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ ვენების გადაჭრის შესახებ.²¹ ასევე, 5 ოქტომბერს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა ისაუბრა N6 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ძალადობის შესახებ.²² ლაშა ჩაჩანიძის თქმით, მას გიორგი დავითაძისადმი გადაძახილით გამოხატული სოლიდარობის გამო, 2026 წლის 2 ოქტომბერს ჯგუფურად, ხელკეტებით სცემეს, რის შემდეგაც N3 დაწესებულებაში გადაიყვანეს.²³ მსჯავრდებულის განმარტებით, მის გარდა, კიდევ სამი პირია ნაცემი და ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდა ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძეც.²⁴ ადვოკატი აღნიშნავს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს 5 ოქტომბერს, მასთან შეხვედრისას, ხილული დაზიანებებიც ეტყობოდა.²⁵ პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.²⁶ ლაშა ჩაჩანიძის სავარაუდო ცემის ფაქტზე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაიწყო.²⁷ ლაშა ჩაჩანიძე 6 ოქტომბერს გამოიკითხა.²⁸
აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულების დირექტორ შოთა ტრაპაიძეს წინა წლებშიც სდებდნენ ბრალს პატიმრებზე ძალადობაში.
მაგალითად, 2013 წელს შოთა ტრაპაიძეს, რომელიც იმ დროისთვის მე-7 დაწესებულების დირექტორი იყო, დაწესებულებაში პატიმრის სავარაუდო ცემის გამო, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.²⁹
შოთა ტრაპაიძეს პატიმარზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა პატიმრის ოჯახი 2019 წელსაც.³⁰
გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, პატიმრების, მათი წარმომადგენლების და მედიის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის სხვა შემთხვევებზეც.
მაგალითად, 2026 წლის 7 ოქტომბერს მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარი გეგუთის მე-14 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და თანამშრომლებს შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ პროტესტის ნიშნად მან და სხვა პატიმრებმა პირი ამოიკერეს.³¹ პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას როგორც პატიმრებზე ფსიქოლოგიური ძალადობის, ისე პირის ამოკერვის შესახებ.³²
20 ოქტომბერს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულების პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა სცემეს.³³ აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვატო ყიფიანსა და ძმებ ფეიქრიშვილებს მრავალი წელია, მწვავე დაპირისპირება აქვთ.³⁴ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2020 წელს გავრცელებული ინფირმაციით, ვატო ყიფიანი ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობას უკრაინიდან გეგმავდა.³⁵ აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.³⁶
ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და აქვს სისხლნაჟღენთები.³⁷ ადვოკატის მიხედვით დავით ფეიქრიშვილის ძმას, გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა.³⁸ კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა IPN-ს 20 ოქტომბერს დაუდასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი წინა დღეს კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.³⁹ ვივამედის კლინიკური დირექტორის მიხედვით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში 20 ოქტომბერ განმეორებით გადმოიყვანეს ზემოთა კიდურებზე ახალი დაზიანებებით.⁴⁰
პენიტენციურმა სამსახურმა, თავდაპირველად, თანამესაკნეების მხრიდან დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტი უარყო.⁴¹
საქართველოს იუსტიციის სამინსიტრომ 2026 წლის 20 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.⁴² საქართველოს სახალხო დამცველმა 2026 წლის 22 ოქტომბერს მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, „საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის“.⁴³ 2026 წლის 26 ოქტომბერს პროკურატურამ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.⁴⁴ ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.⁴⁵ იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.⁴⁶
2026 წლის 20 ოქტომბერს, გურიის მოამბემ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაითურის N1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ინიციალებით ა. მ. ბადრაგმა გააუპატიურა.⁴⁷ გურიის მოამბის მიხედვით, პატიმრის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან.⁴⁸ ონლაინმედია NEWS.On.ge-ს მიხედვით, პენიტენციურმა სამსახურმა მათ განუცხადა, რომ „ამ ინიციალებით ლაითურის ციხეში პატიმარი არ იმყოფება“.⁴⁹
2 ოქტომბერს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მას გიორგი დავითაძის ადვოკატმა 2025 წლის 26 დეკემბერს მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ასევე, მიმართა პენიტენციურ სამსახურს ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით.⁵⁰
სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს“.⁵¹
საიას შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გააკავეს მსჯავრდებული პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც განლაგებულნი არიან ისე, რომ კამერაში სრულად არ ჩანს მსჯავრდებული. შესაბამისად, მხოლოდ ამ ვიდეოზე დაყრდნობით შეუძლებელია დანამდვილებით როგორც სექსუალური ძალადობის ფაქტის უტყუარად დადასტურება, ისე მისი გამორიცხვა. კითხვის ნიშნებს აჩენს, ხომ არ არიან პენიტენციურის თანამშრომლები განლაგებულნი განზრახ ისე, რომ შექმნან ბარიერი კამერისთვის. მნიშვნელოვანია, გავრცელებული კადრების შეფასებისას უგულებელყოფილი არ იყოს ის გარემოებები, რომლებიც კვლავ ტოვებს კითხვის ნიშნებს. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ეს კადრები ძალადობის ფაქტს უტყუარად არ გამორიცხავს.
უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ სამსახურს არ გაუკეთებია მითითება შინაგან დათვალიერებაზე. სამსახურის განცხადების მიხედვით, შემოწმება განხორციელდა ელექტროდეტექტორის გამოყენებით.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს კითხვა, შეიძლება თუ არა, პატიმრის სხეულში შეღწევა (თუ ეს მართლაც მოხდა) ყოფილიყო არა გაუპატიურება, არამედ შინაგანი დათვალიერების პროცედურა.⁵² ქვემოთ განმარტებულია შინაგან შემოწმებასთან დაკავშირებული სტანდარტები, რომლებიც გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებ პირობებში შინაგანი დათვალიერების კანონიერებას გამორიცხავს.
N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 21-ე მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით.⁵³ შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას.⁵⁴
ამასთანავე, შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შინაგანი შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.⁵⁵
პატიმართა მიმართ მოპყრობის შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტების (მანდელას წესების) მიხედვით, შინაგანი შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. გარდა ამისა, ის უნდა ჩაატაროს მხოლოდ ჯანდაცვის კვალიფიციურმა პროფესიონალმა, ან, სულ მცირე, იმ პერსონალმა, რომელმაც სამედიცინო პროფესიონალთან გაიარა სათანადო სწავლება ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ.⁵⁶
აქედან გამომდინარე, თუ მსჯავრდებულის სხეულში შეღწევა მართლაც განხორციელდა გავრცელებულ კადრებში ასახულ სიტუაციაში, ის ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურ შინაგან შემოწმებად, რადგანაც არ ჩატარებულა შესაბამისი პირის მიერ შესაბამის გარემოში, მით უმეტეს, რომ არსებობდა სკანერით ალტერნატიული შემოწმების საშუალება.
გიორგი დავითაძის მონათხრობის თანახმად, სავარაუდო ძალადობის შემდეგ მას არ მიეცა სახალხო დამცველთან დაუყოვნებლივ დაკავშირების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, დარეკვის მოთხოვნის მიუხედავად, იგი მიიყვანეს ტელეფონთან, რომელიც არ მუშაობდა და, ამის გამო, დასცინოდნენ. ეს გარემოება გამოძიების ერთ-ერთი პირველადი შესწავლის საგანი უნდა ყოფილიყო: როდის მოითხოვა პატიმარმა სახალხო დამცველთან დაკავშირება, ვინ და რა საფუძვლით შეუზღუდა ამის შესაძლებლობა, რამდენ ხანს გაგრძელდა შეზღუდვა და ჰქონდა თუ არა მას სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის სხვა, დამოუკიდებელი და კონფიდენციალური არხით მიწოდების რეალური შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების დასრულების შესახებ პროკურატურის 2026 წლის 10 ოქტომბრის განცხადებაში, რომლითაც პროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ნათქვამია, რომ გიორგი დავითაძე სახლახო დამცველის წარმომადგენელს დეესკალაციის ოთახში მოთავსებიდან 5 დღის შემდეგ გაესაუბრა.⁵⁷ თუმცა, განცხადებაში აღნიშნული არ არის, რატომ ვერ მოხერხდა სახალხო დამცველთან გასაუბრება უფრო ადრე და ხომ არ არის ეს პენიტენციური დაწესებულების მიერ შექმნილი ბარიერების შედეგი.
ეს საკითხი მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციის შეფერხებად არ უნდა განიხილებოდეს. წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტებით, თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის გარე საჩივრის განმხილველ ორგანოებთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან პირდაპირი და კონფიდენციალური წვდომა არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.⁵⁸ სტამბოლის პროტოკოლი ასევე მოითხოვს, რომ სავარაუდო მსხვერპლს შეეძლოს საჩივრის დროულად, კონფიდენციალურად წარდგენა და გარე სასამართლო თუ მონიტორინგის ორგანოებისთვის მიმართვა.⁵⁹ შესაბამისად, შესაფასებელია არა მხოლოდ ასეთი მექანიზმის ფორმალური არსებობა, არამედ კონკრეტულ მომენტში მისი პრაქტიკული ხელმისაწვდომობაც.
ამ კონტექსტში გამოძიებას ყურადღება უნდა გაემახვილებინა ე.წ. ინკომუნიკადო მდგომარეობის შესაძლო ნიშნებზეც. კერძოდ, ხომ არ იყო გიორგი დავითაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოწყვეტილი გარე სამყაროსთან კავშირს და დამოუკიდებელ დახმარებას. გარე სამყაროსგან იზოლაცია ზრდის არასათანადო მოპყრობის რისკს, ხელს უშლის პატიმარს მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და ასუსტებს გარე კონტროლის შესაძლებლობას, მათ შორის, ეფექტიანი გამოძიების შანსებს.
გიორგი დავითაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასე მოხდა მის შემთხვევაშიც. მასთან ადვოკატი შევიდა რამდენიმე დღის შემდეგ მამასთან მისული წერილის საფუძველზე, მაშინ, როდესაც არასათანადო მოპყრობისას მტკიცებულებების დაცვა ხშირად სწორედ დროულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, გიორგი დავითაძის მიერ აღწერილი გარემოებები (მის incommunicado მდგომარეობასთან დაკავშირებით) გამოძიებას შესწავლილი უნდა ჰქონდეს, როგორც სავარაუდო ძალადობის შემდგომი მოვლენების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, იმის დასადგენად, ხომ არ ემსახურებოდა კომუნიკაციის შეზღუდვა მომხდარის გამჟღავნების შეფერხებას, პატიმრის დაშინებას ან მტკიცებულებების დროული დოკუმენტირების ხელშეშლას.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში, მომართვის შემდეგ, მან დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს პროკურატურას გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ.⁶⁰ ასევე, 2026 წლის 2 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიმდინარეობდა გამოძიება.⁶¹ ამასთანავე, სამსახურის განცხადების მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის გადაწყვეტილებით, „2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს“.⁶²
2026 წლის 2 ოქტომბერს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათ შორის საიამ, სახელმწიფოს გიორგი დავითაძეზე სავარაუდო ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდეს და შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.⁶³
2026 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დასრულების შესახებ. განცხადების მიხედვით, დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
პროკურატურის 2026 წლის 10 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე.⁶⁴ განცხადების მიხედვით, თავის მხრივ, გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე.⁶⁵ ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.⁶⁶
პროკურატურის მიხედვით, გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. პროკურატურის მიხედვით, მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ.⁶⁷ პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ მანამდე, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას „გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე „კვარა“ მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა.”⁶⁸
გიორგი დავითაძეც ადასტურებს, რომ სახალხო დამცველთან შეხვედრისას „გაუპატიურება“ არ უხსენებია. თუმცა მის მიერ, სექსუალური ხასიათის ქმედების აღწერა (შარვალში ხელის ჩაცურება) და გაუპატიურების მუქარა, რაც თავის მხრივ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე შეიძლება მიუთითებს. საქალხო დამცველის განცხადების მხედვით, 26 დეკემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გამოკითხვისას „პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა“.⁶⁹
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.⁷⁰
გიორგი დავითაძის ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი დავითაძეს ექსპერტიზაზე უარი არ უთქვამს.⁷¹ ადვოკატის მიხედვით, დეკემბერში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას, მან თვითონ მოითხოვა სამედიცინო ექსპერტიზა თუმცა, „სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან იყო რეკომენდაცია, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს 72 საათში და მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგენა დაზიანების. იქიდან გამომდინარე, რომ 72 საათზე მეტი იყო გასული, არ ჩაუტარდა. ეს არ იყო ინიციტივა გამოძიებისგან, თვითონ გიორგი ითხოვდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციით, ფაქტობრივად, გადააფიქრებინეს.“⁷²
სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს.⁷³ სახალხო დამცველის მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა.⁷⁴
პროკურატურის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები. პროკურატურა მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.⁷⁵
პროკურატურის მიხედვით, გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.⁷⁶
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საგამოძიებო მოქმედბების რაოდენობა და მოცულობა ყოველთვის არ მიუთითებს გამოძიების ეფექტიანობაზე. მაგალითად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე პოლიციელების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ სისტემური წამების შემთხვევები, როგორც წესი, კვლავ ეფექტიანი გამოძიების და პასუხისმგებლობის გარეშე რჩება, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ცატარებული საგამოძიებო მოქმდებების მოცულობაზე ხშირად მიუთითებს.⁷⁷
გამოძიების ფორმალური ჩატარების შესახებ ინფორმაცია, თავისთავად, ვერ პასუხობს კითხვას, რამდენად ეფექტიანია ის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება მოითხოვს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, დროულ და საფუძვლიან გამოძიებას, რომელსაც შეუძლია შესაბამისი ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. ეფექტიანობის შეფასებისას მნიშვნელოვანია სავარაუდო მსხვერპლის მონაწილეობაც და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა.
საია მიიჩნევს, რომ გიორგი დავითაძის მიერ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, გამოძიებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე:
სახალხო დამცველთან დაკავშირების შეზღუდვა და შესაძლო იზოლაციის გარემოებები
გიორგი დავითაძის განცხადებით, სავარაუდო ძალადობის შემდეგ მას სახალხო დამცველთან დაუყოვნებლივ დაკავშირების შესაძლებლობა არ მიეცა. მისი თქმით, დარეკვის მოთხოვნის მიუხედავად, იგი მიიყვანეს ტელეფონთან, რომელიც არ მუშაობდა და, ამის გამო, დასცინოდნენ. მოგვიანებით, მან მამას წერილი გაუგზავნა, რის შემდეგაც მასთან ადვოკატი შევიდა.
გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი პირველადი გამოსაკვლევი საკითხი უნდა ყოფილიყო, როდის და ვის მიმართა გიორგი დავითაძემ სახალხო დამცველთან დაკავშირების მოთხოვნით, ვინ და რა საფუძვლით შეუზღუდა მას ამის შესაძლებლობა, რამდენ ხანს გაგრძელდა შეზღუდვა და შეეძლო თუ არა დავითაძეს სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი და კონფიდენციალური არხით მიწოდება.
ამ გარემოებების გამოკვლევა საჭიროა იმის დასადგენადაც, ხომ არ ემსახურებოდა კომუნიკაციის შეზღუდვა სავარაუდო ძალადობის გამჟღავნების შეფერხებას ან მისი დროული დოკუმენტირების ხელშეშლას.
ვიდეოჩანაწერების სრულყოფილად მოპოვება და მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება
გიორგი დავითაძე მიუთითებს დეესკალაციის ოთახის შესასვლელთან, მორიგის ჯიხურთან განთავსებულ ვიდეოკამერაზე და ითხოვს შესაბამისი ჩანაწერების ამოღებას. მისი განცხადებით, სწორედ ამ მონაკვეთში დაწესებულების თანამშრომლები მას და მისი ოჯახის წევრებს აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
მისი მთავარი მოთხოვნაა როგორც მორიგის ჯიხურთან დამონტაჟებული კამერის (რომელიც დეესკალაციის ოთახის შესასვლელს იღებდა), ისე დეესკალაციის ოთახში არსებული მეორე კამერის ჩანაწერების ამოღებაც, რომელიც ოთახში შესასვლელი კარის მოპირდაპირედ იყო დამონტაჟებული და, სავარაუდოდ, შეყვანის ეპიზოდსაც გადაიღებდა, უშუალოდ გაუპატიურების ეპიზოდთან ერთად. დავითაძის აზრით, ამ კადრებში, მინიმუმ, დეტექტორით ზემოქმედება გამოჩნდებოდა.
შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელი კამერები ფარავდა გიორგი დავითაძის საკნიდან გამოყვანის, შემოწმების, დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და იქ ყოფნის მონაკვეთებს; არსებობდა თუ არა შესაბამისი ჩანაწერები; როდის და ვის მიერ იყო ისინი მოპოვებული; და შენარჩუნებულია თუ არა მათი სრული, დაუმონტაჟებელი ვერსიები.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, „გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“.⁷⁸ ასევე, პროკურატურა მიუთითებს, დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაშიფვრასა და ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის ცატარებაზე, რომელტა შედეგადაც, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.⁷⁹
საინტერესოა, მოიცავდა თუ არა შეესწავლილი ვიდეოკადრები დეესკალაციის ოთახის გარეთ მდებარე კამერების ჩანაწერებს. ასევე, არსებობს თუ არა ვიდეო კადრების თანმხლები აუდიო ცანაწერი და ექსპერტიზის შედეგად შესაძლებელი იყო თუ არა სადაო ინტერაქციაში მონაწილე მხარეებს შორის ვერბალური დაპირისპირების შინაარსის დადგენა. ამასთან, როდესაც პროკურატურა მიუთითებს, რომ ვიდეოკადრების ანალიზის შედეგად ძალადობრივი ქმედება არ ფიქსირდება, ხომ არ არის ეს იმის შედეგი, რომ, გავრცელებული კადრების მსგავსად, სხვა კადრებშიც, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები საკუთარი სხეულით ქმნიან ბარიერს კამერებისთვის ისე, რომ შეუძლებელი იყოს სადავო ქმედების დანახვა კადრებზე.
ამ თვალსაზრისით, არსებითია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადების დროითი ფარგლებიც: 2026 წლის 3 მარტიდან გადაადგილების ამსახველი მასალის დაარქივება ვერ პასუხობს კითხვას, შენარჩუნებულია თუ არა 2025 წლის დეკემბერში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ჩანაწერები და რა მოქმედებები ჩატარდა მათ დასაცავად.
ცალკე შესაფასებელია საჯაროდ გავრცელებული კადრების შესაძლებლობები და შეზღუდვები. თუ თანამშრომელთა განლაგება სხეულის შესაბამისი ნაწილისა და მათი მოქმედებების სრულად დანახვის საშუალებას არ იძლევა, ამ კადრებით სექსუალური ძალადობის არც დადასტურება და არც გამორიცხვა არ შეიძლება. გამოძიების დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი მტკიცებულების ერთობლივ შეფასებას და არა მხოლოდ შერჩეულ ვიდეომასალას. საფუძვლიანი გამოძიება მოითხოვს მტკიცებულებების მოპოვებისთვის ყველა გონივრული ნაბიჯის გადადგმას და ნაჩქარევი დასკვნებისგან თავის შეკავებას.
შემოწმებისა და დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საფუძვლები
გიორგი დავითაძის მონათხრობის თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანამდე იგი შეამოწმეს, მათ შორის, დეტექტორის გამოყენებით, თუმცა არაფერი აღმოუჩენიათ და საკანში დააბრუნეს. მისი თქმით, დაახლოებით ერთი ან ორი წუთის შემდეგ თანამშრომლები კვლავ შევიდნენ და დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შესახებ აცნობეს.
ამ მონათხრობსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებას შორის არსებული განსხვავებები გამოძიებამ უნდა შეაჯეროს შესაბამის დოკუმენტაციასა და სხვა მტკიცებულებებთან. კონკრეტულად, დასადგენია:
საქართველოს პროკურატურის მიხედვით, „2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული.“⁸⁰
პროკურატურის მიხედვით, „დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალოდეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.“⁸¹
სავარაუდო სექსუალური ძალადობის კონკრეტული აღწერის გადამოწმება
გიორგი დავითაძე აღწერს სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფორმას, ასახელებს კონკრეტულ თანამშრომელს და მიუთითებს რეზინის ხელთათმანისა და დეტექტორის გამოყენებაზე. იგი ასევე საუბრობს სხვა თანამშრომელთა მონაწილეობაზე მის გაკავებაში და თანმხლები სექსუალური შინაარსის დამამცირებელ გამონათქვამებზე.
პროკურატურა მიუთითებს, რომ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი კვარაცხელია, რომელსაც პატიმარი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.⁸²
გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს თითოეული ეს გარემოება: დაადგინოს ადგილზე მყოფი თანამშრომლების ვინაობა, მათი განლაგება და მოქმედებები, მოიპოვოს შესაბამისი მორიგეობისა და გადაადგილების მონაცემები და შეაფასოს მონათხრობი ვიდეომასალასთან, სამედიცინო დოკუმენტაციასა და შესაძლო მოწმეების ჩვენებებთან ერთობლიობაში.
ასევე არსებითია, ჩატარდა თუ არა დროული და დამოუკიდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება. სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებში.
სავარაუდო დაშინება, დუმილის მოთხოვნა და უსაფრთხოება გამოძიების მიმდინარეობისას
გიორგი დავითაძის განცხადებით, სავარაუდო ძალადობის მომდევნო დღეს ბადრაგმა, რომელსაც იგი „თენგოს“ სახელით მოიხსენიებს, უთხრა, რომ მომხდარი მათ შორის უნდა დარჩენილიყო. იგი ასევე აცხადებს, რომ იმავე თანამშრომელმა, მოგვიანებით, გამომძიებელსა და ადვოკატთან მისი შეხვედრის დროს, ოთახის კარი შემოაღო და კართან დადგა, რაც დავითაძემ დაშინების მცდელობად აღიქვა.
ეს გარემოებები მოითხოვს თანამშრომლის იდენტიფიცირებას, შეხვედრაზე მისი გამოჩენის მიზეზის დადგენას და იმის შემოწმებას, ჰქონდა თუ არა მას გიორგი დავითაძესთან შემდგომი კონტაქტის შესაძლებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ჩაინიშნა თუ არა გამომძიებელმა ეს ეპიზოდი და მოჰყვა თუ არა ამას შესაბამისი რეაგირება.
გამოძიებამ ასევე უნდა შეისწავლოს გიორგი დავითაძის მიერ აღწერილი შეურაცხყოფა და მუქარა, რომელიც სადავო ინციდენტის შემდგომ გამოვლინდა. მათ შორის, მის მიერ დასახელებული გარე პირების მხრიდან შესაძლო ჩარევა. აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას მის მიერ პოლიციელ შალვა ფერაძის დაჭრას უკავშირებს. 2026 წლის 21 სექტემბერს გიორგი დავითაძის დედამ განაცხადა, რომ „ძალადობა, რომელიც ხდება ციხეზე გიორგიზე, ეს არის შალვა ფერაძის დაკვეთა“.⁸³ 2026 წლის 8 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შსს-მ პროკურატურას გიორგი დავითაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის, შალვა ფერაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა“.⁸⁴ გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია არა ციხეში გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, არამედ 2024 წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევასთან, რომლის შედეგადაც, შალვა ფერაძე დაიჭრა.⁸⁵ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის აუცილებელია, სავარაუდო მსხვერპლს შეეძლოს ინფორმაციის მიწოდება ზეწოლის გარეშე და თავისი კანონიერი ინტერესების დაცვა.
ჯანმრთელობის გაუარესება, თვითმკვლელობის მცდელობა და სავარაუდო ძალადობის შედეგები
გიორგი დავითაძე საუბრობს დეესკალაციის საკანში არსებულ სიცივეზე, ჯანმრთელობის გაუარესებაზე, ოპერაციულ ჩარევასა და თვითმკვლელობის მცდელობაზე. მისი თქმით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა გამოძიების გაჭიანურება და თანამშრომელთა მხრიდან განმეორებითი დამამცირებელი მოპყრობა.
ამ გარემოებების შესწავლა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სავარაუდო ძალადობის უშუალო ეპიზოდით. მოსაპოვებელია შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერები, ჰოსპიტალიზაციისა და თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ დოკუმენტაცია, აგრეთვე, ინფორმაცია საკანში არსებულ პირობებსა და მისთვის გაწეულ დახმარებაზე. გიორგი დავითაძის მიერ დასახელებულ ჯანმრთელობის პრობლემებსა და სავარაუდო მოპყრობას შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად, საჭიროა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მონაცემები, როგორც მისი მონათხრობის შესამოწმებლად, ისე სავარაუდო ძალადობის შესაძლო შედეგების დასადგენად.
გამოძიების დამოუკიდებლობა და მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი შეფასებები
იმის პარალელურად, რომ, ფორმალურად, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, შემაშფოთებელია მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, გავრცელებული კადრები სექსუალური ძალადობის ცალსახა გამორიცხვის შესაძლებლობას არ იძლევა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დადასტურდა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით, რომ, რაზეც საუბრობდა [გიორგი დავითაძე], იყო ტყუილი“.⁸⁶ მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც.⁸⁷ მათ შორის, პენიტენციური სამსახურის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მე-6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს იმისთვის, რომ, მისი თქმით, გიორგი დავითაძის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში „არამც თუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.⁸⁸
მაშინ, როდესაც საქმე თავისუფლებააღკვეთილ და სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებას ეხება, სახელმწიფოს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი ეკისრება.⁸⁹ ამის ფონზე, მიმდინარე გამოძიების პარალელურად, მსგავსი განცხადებები სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირთაგან, მიუთითებს, რომ გამოძიება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ იყო. განსაკუთრებით არასერიოზულია სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ბრალდების მცდარობის მტკიცებისთვის იმ ვიდეოკადრებზე მითითება, რომლებიც ასახავს სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე სავარაუდო სიტყვიერ დაპირისპირებას, მსჯავრდებულის გაკავებას, თუმცა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების განლაგების გამო, არ იძლევა იმის აღქმის საშუალებას, ადგილი ჰქონდა თუ არა გაუპატიურებას ან სხვა სახის სექსუალური ხასიათის ქმედებას.
აღსანიშავია, რომ საქმეზე გამოძიება დაახლოებით 9 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც საქმის დეტლები საჯაროდ გახდა ცნობილი, და მას შემდეგ რაც პოლიტიკოსებმა, მიმდინარე გამოძიების პარალელურად დაიწყეს განცხადებების გაკეთება ბრალდებების მცდარობის შესახებ, მალევე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შესახებ.
სავარაუდო მსხვერპლის მონაწილეობა და გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია
გიორგი დავითაძის შემთხვევა ვერ იქნება იზოლირებულად განხილული, რადგან მის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ინტერესი აქვს არა მარტო მას და მის ოჯახს, არამედ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ ეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მდგომარეობას ეხება.
ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების შეკითხვები ლეგიტიმურია, იმის გათვალისწინებითაც, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიებები არსებითი შედეგის გარეშე, არაეფექტიანად და არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს ისეთ საქმეებზეც კი, როდესაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები საჯაროდ, მედიების კამერების წინ ხორციელდებოდა და, გარკვეულ შემთხვევებში, მარტივად იდენტიფიცირებადი იყო დამნაშავეც (2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2025 წლის თებერვლის აქციები).⁹⁰ იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანი კიდევ უფრო მოწყვლადია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის მიმართ, დაუსჯელობის სისტემურობის ფონზე, ბუნებრივია ნდობის ნაკლებობა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი სავარაუდო ძალადობის გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ წარმოებული გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გამოწვევებით ხასიათდება. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა იმ ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, რომლებიც, მათ შორის, ციხეებში ძალადობის გამო დადგენილ დარღვევებს მოიცავს (ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები).⁹¹ შედეგად, სახელმწიფომ მნიშვნელოვნად დახია უკან ის ლიმიტირებული პროგრესიც კი, რომელიც ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის განცხადებით, დავითაძეს უარი ეთქვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. პროკურატურის მიხედვით, ადვოკატს ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.⁹² აუცილებელია, დადგინდეს, ჰქონდა თუ არა გიორგი დავითაძესა და მის ადვოკატს გამოძიებაში ისეთი მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც მათი კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. ეს მოიცავს შესაბამისი საპროცესო სტატუსის საკითხის გადაწყვეტას, მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნის შესაძლებლობას და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღებას.
საზოგადოებრივი კონტროლის საჭიროება არ ნიშნავს საქმის ყველა მასალის გასაჯაროებას ან მგრძნობიარე ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა, გამოძიების ინტერესებისა და კონფიდენციალურობის დაცვით, შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, შეაფასოს, მიმდინარეობს თუ არა რეალური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიება. სავარაუდო მსხვერპლის სათანადო მონაწილეობა და საზოგადოებრივი კონტროლი ეფექტიანი გამოძიების მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
საიას მიაჩნია, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება უნდა განახლდეს და მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
ამასთან, ობიექტური სინამდვილის დადგენის მიზნით, საქართველოს პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს განხორციელებული ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები:
გამოძიების დასრულება, საკითხის ირგვლივ საზოგდოებრივი ინტერესის შექმნიდან მალევე და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდგომ, შესაძლოა ნაადრევი იყოს და აჩენს ეჭვებს გამოძიების ობიექტურობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით. საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ამ შეკითხვებზე საზოგადოებას დასაბუთებული პასუხები წარუდგინოს. ორგანიზაცია განაგრძობს პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს.
გააზიარე: