GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 მაისი, 202614:23

2026 წლის 26 მაისს ოპოზიციური პარტიების ალიანსმა დააანონსა აქცია რუსთაველის გამზირზე. აქციის ფარგლებში, მათ სურდათ რუსთაველის გამზირზე სცენისა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკის აწყობა. 2026 წლის 23 მაისს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, გაავრცელა მერიის 22 მაისის წერილი, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიამ ოპოზიციურ ალიანსს უარი უთხრა 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის განთავსებაზე. მერია უარის მიზეზად 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებს ასახელებდა. მერიის ახსნა-განმარტებით, 26 მაისს შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები და პარლამენტის მიმდებარედ სცენის მოწყობა დაუშვებლად მიაჩნიათ. ასევე, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მერიის შემდეგ, აქციის გამართვაზე უარი მიიღეს შსს-სგანაც.1


26 მაისს კი თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, გოგა მემანიშვილის, ბრძანებით, ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირზე სცენის შეტანისა და აწყობის ნება არ დართეს. პარტიის ინფორმაციით, სასტუმრო რედისონთან მიმდენარე ტერიტორიაზე პოლიციამ მათ ტექნიკით სავსე მანქანა წაართვა.2 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა, და აღნიშნა, რომ აქციის გამართვასთან დაკავშირებით „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ, როდესაც, მათ უწყებისთვის 5 დღით ადრე უნდა მიემართათ.3


რეალურად, სახელმწიფო უწყებები დაგეგმილი აქციისა და სცენის მონტაჟის შესახებ 22 მაისს იყვნენ ინფორმირებულნი, და, არა ერთი დღით ადრე. შსს-ს მიერ თავდაპირველი განცხადების დახარვეზება სრულიად ხელოვნურ ბარიერს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც ოპოზიციური ალიანსისთვის კონსტრუქციის განთავსებაზე მიზანმიმართული უარის თქმა იყო. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ფლობს სრულ ინფორმაციას დაგეგმილი შეკრების შესახებ ფორმალური ვადის დარღვევის მოტივით სცენის აწყობის აკრძალვა და ტექნიკის ჩამორთმევა არის არა მართლწესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი და არაპროპორციული შეზღუდვა.


2025 წლის თებერვალში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც დროებითი კონსტრუქციების მოწყობას კრძალავს, შეიცავს ბუნდოვან და სუბიექტურ კრიტერიუმებს, რაც შსს-ს აძლევს ფართო შესაძლებლობას, თვითნებურად შეზღუდოს სამოქალაქო პროტესტი. მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დროებითი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, კარვებისა თუ სცენის გამოყენება შეკრების თავისუფლების ნაწილია. შესაბამისად, მისი აკრძალვა, თანაც ბუნდოვანი და აბსტრაქტული ნორმებით, არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.4


ზუსტად ამავე შინაარსის კანონი საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო.5 ასევე, აღნიშნული ნორმა გააკრიტიკა ეუთოს ოდირმა და აღნიშნა, რომ კანონი არის ბუნდოვანი და სამართალდამცავ უწყებას ანიჭებს ფართო დისკრეციას, რითაც მსუსხავ ეფექტს უქმნის შეკრების მონაწილეებს.6 საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის თებერვალში მიიღო აღნიშნული ნორმები.7


გუშინ გვიან ღამის საათებში ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელსაც აქციის განმავლობაში ხმის გამაძლიერებლები გადაჰქონდა, 1000 ლარით დაჯარიმებდა და მართვის მოწმობა 1 წლით შეუჩერდა,8 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.61 მუხლის საფუძველზე,9 რაც, საიას შეფასებით, კიდევ ერთელ ცხადჰყოფს, რომ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს პროტესტზე ზემოქმედებისთვის იყენებს.


სატრანსპორტო საშუალებებით საპროტესტო აქციაში მონაწილეობა შეკრების თავისუფლების დაცულ სფეროში ექცევა.10 პირს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. გზის თვითნებური გადაკეტვა არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, თუმცა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების ჩატარების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელია მაშინ, თუ გზის დაკავება მონაწილეთა სიმრავლის გამო ხდება და შეკრება სხვაგვარად ვერ გაიმართება.11 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.61 მუხლი არ გამორიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მანიფესტაციის შესაძლებლობას, როდესაც ის საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, გზის სავალი ნაწილის ბლოკირების, საგზაო მოძრაობის პარალიზების გარეშე ხორციელდება. შეკრების უფლების რეალიზება შეიძლება ბუნებრივად დაუპირისპირდეს საგზაო მოძრაობის წესებს, იწვევდეს სხვათა უფლებების შეზღუდვას, ამავე დროს, შეკრების უფლების რეალიზაციისას თითოეული ინდივიდის თავისუფლების ფარგლები შეზღუდულია სხვათა უფლებებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა დაცვის საჭიროებით. შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება ამ ორი ღირებულების შეპირისპირებით უნდა განხორციელდეს, რაც მოითხოვს კონტექსტისა და მტკიცებულებების შეფასებას.12


კადრებში ჩანს, რომ გზა 2026 წლის 26 მაისს ამ ავტომობილს არ გადაუკეტავს. სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებს უკვე ჰქონდათ დაკავებული და მანქანა უბრალოდ მათ უკან მიჰყვებოდა.13 შესაბამისად, პიკაპის მძღოლი არ იყო საგზაო მოძრაობის ხელოვნურად შემაფერხებელი ან გზის დამბლოკავი სუბიექტი და მისი ქმედება ვერ ჩაითვლება „წინასწარ შეცნობით გზის გადაკეტვად“. მეტიც, მისი ქმედება წარმოადგენდა მშვიდობიანი შეკრების ლოჯისტიკურ ნაწილს და სრულად ექცეოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. შსს-მ სრულიად უგულებელყო შეკრება-მანიფესტაციის კონტექსტი, რაც ცალსახად აჩვენებს, რომ კანონი გამოყენებულ იქნა არა საგზაო უსაფრთხოების დასაცავად, არამედ სადამსჯელო მიზნით.


ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ნორმის სანქცია გაიზარდა 2024 წლის დეკემბრის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების დროს. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული იყო ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, 2024 წლის დეკემბრის შემდგომ, ამ ქმედების ჩადენა ჯარიმასთან ერთად, იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყო უწყვეტი საპროტესტო პროევროპული აქციები, ქართულმა ოცნებამ მიიღო არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირდაპირ ეხება შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და არაპროპორციულად ზღუდავს მათ. შსს კი აქტიურად იყენებს ამ კანონებს აქციის მონაწილეებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.14


26 მაისს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, პიკაპის მძღოლის დაჯარიმება, მისთვის მართვის მოწმობის შეჩერება 1 წლის ვადით, რითაც პირს წაერთვა 1 წლის შემოსავალი და შეკრებისა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული მკაცრი საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად, სისტემურად ზღუდავს და ცდილობს წნეხი შეუქმნას სამოქალაქო პროტესტს.



1 ტაბულა, მერიამ და შსს-მ 26 მაისის აქციისთვის კონტრაქციის მოწყობაზე ალიანსს უარი უთხრა – გვარამია, 23.05.2026, იხ: https://tabula.ge/ge/news/748601-meriam-shss-m-26-maisis-aktsiistvis-kontraktsiis [26.05.2026]

2 ტვ პირველი, "ოპოზიციის ალიანსი": პოლიციამ ტექნიკით სავსე მანქანა გაიტაცა (ვიდეო), 26.05.2026, იხ: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/128411-opozitsiis-aliansi-politsiam-teqnikit-savse-manqana-gaitatsa-video [26.05.2026]

3 ტვ პირველი, პოლიციამ "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებს ამ დროისთვის, რუსთაველზე სცენის დადგმის უფლება არ მისცა, 26.05.2026, იხ: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/128402-politsiam-opozitsiis-aliansis-tsarmomadgenlebs-am-droistvis-rustavelze-stsenis [26.05.2026]

4 საია, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში მესამე მოსმენით მიიღეს, 07.02.2025, იხ: https://www.gyla.ge/post/represiuli-sakanonmdeblo-cvlilebebi-saias-shefaseba [26.05.2026].

5 საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ცვლილებები, იხ: https://info.parliament.ge/#law-drafting/27151 [26.05.2026].

6 OSCE ODIHR, URGENT OPINION ON PROPOSED AMENDMENTS TO THE LAW OF GEORGIA ON ASSEMBLIES AND DEMONSTRATIONS AND TO THE ADMINISTRATIVE OFFENCES CODE, იხ: https://cdn.osce.org/sites/default/files/f/documents/7/a/557847_0.pdf [27.05.2026].

7 საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ცვლილებები, იხ: https://info.parliament.ge/#law-drafting/30045 [26.05.2026].

8 On.ge, მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს, 27.05.2026, იხ: https://on.ge/story/155516-%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-1000-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1 [27.05.2026].

9 სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით წინასწარი შეცნობით გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, ან სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

10 საქართველოს კონსტიტუცია, 21 მუხლი.

11 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება № 2/482,483,487,502 საქმეზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია”, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-37 - 45.

12 საია, ბაიკერები რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი რეპრესიები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო, 2024, იხ:https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1.pdf [27.05.2026].

13 On.ge, მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს, 27.05.2026, იხ: https://on.ge/story/155516-%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-1000-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1 [27.05.2026].

14 საია და სხვები, ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2025, იხ: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf [27.05.2026].

სხვა სიახლეები