სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ყრუთა კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გაუქმებული შედეგები

2017-02-10 17:04
Featured image

ყრუთა კავშირის წევრმა, დ.დ.-მ ყრუთა კავშირს სასამართლო დავა მოუგო. მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს თბილისის ოფისი იცავდა. დავა შეეხებოდა 2015 წელს ყრუთა კავშირის არჩევნების შედეგების გაუქმებას. კერძოდ, დ.დ. მონაწილეობდა კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში. დ.დ.-ს კანდიდატურას არჩევნების დღეს კენჭი არ ეყარა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ყრუთა კავშირი ასაბუთებდა იმით, რომ კენჭისყრის მომენტისათვის დ.დ.-ს მოხსნილი ჰქონდა საკუთარი კანდიდატურა. აღსანიშნავია, რომ დ.დ.-ს უარი არ ჰქონდა ნათქვამი კენჭისყრაში მონაწილეობაზე და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად (რომელთაც არ ეძლეოდათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა), იმყოფებოდა შენობის გარეთ მიმდინარე აქციაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ არჩევნების სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის მიმართ არაოპოზიციურად განწყობილი წევრები, ხოლო ვერ ესწრებოდნენ დ.დ.-ს მომხრეები. შენობაში შეღწევისათვის მათ მიმართ ხორციელდებოდა პოლიციელთა წინააღმდეგობა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,ასარჩევ პრეტენდენტებს წესდებით გააჩნიათ უფლება თანაბარ საარჩევნო გარემოზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში დ.დ.-ს მიმართ დარღვეულ იქნა“. ამიტომ, სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტის არჩევნების შედეგები და პრეზიდენტის არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.